სამშობიარო სახლების პერსონალის ნაწილს სხვა დაწესებულებებში მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოეხსნა
სამშობიარო სახლების პერსონალის ნაწილს სხვა დაწესებულებებში მუშაობასთან დაკავშირებული შეზღუდვები მოეხსნა

სამშობიარო დაწესებულებებისთვის რეგულაციების ნაწილი მოიხსნა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედებული რეგულაციის თანახმად, სამშობიაროებში მომუშავე ექიმ-სპეციალისტებს უფლება აქვთ, დასაქმებული იყვნენ დამატებით სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ მხოლოდ ორ დაწესებულებაში, მაქსიმუმ 60 კმ-ის დაშორებით. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ბრძანებით კი, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ექიმ-სპეციალისტების შემდეგ ნაწილზე: გენეტიკოსი, ბავშვთა ფთიზიატრი-პულმონოლოგი, ბავშვთა ენდოკრინოლოგი, ბავშვთა ნეფროლოგი, ბავშვთა უროლოგი.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, აღნიშნული რეგულაცია და, შესაბამისად, ცვლილება შეეხება მესამე დონის სამშობიაროებს, ანუ დაწესებულებებს, რომლებსაც მშობიარის ყველა სახის გართულების მართვა და სპეციალიზებული, კომპლექსური სამედიცინო მომსახურების გაწევა შეუძლია.

გაბუნია აცხადებს, რომ რეგულაციების შერბილება შეეხო იშვიათი სპეციალობების პირებს, რომელთა რაოდენობაც დიდი არ არის და, შესაბამისად, შეზღუდვის არსებობა კლინიკებს გარკვეული პრობლემების წინაშე აყენებდა. ამასთან, გაბუნიას განმარტებით, საუბარია მხოლოდ ისეთ სპეციალისტებზე, რომელთა მოკლე დროში მობილიზება, მათი სპეციალიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭირო არ არის განსხვავებით, მაგალითად მეანებისგან და ნეონატოლოგებისგან, რომელთა სერვისებიც პაციენტისთვის, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, დროის მოკლე მონაკვეთში შესაძლოა, გახდეს აუცილებელი.

სამშობიაროების დონეებად დაყოფის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო. პირველი კატეგორიის სამშობიარო სახლებმა ორსულები უნდა დააკმაყოფილონ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის აუცილებელი ყველა პირობით, მეორე კატეგორიის საავადმყოფოები გართულებული მშობიარობისთვის უნდა იყვნენ მომზადებულნი. მესამე დონედ კი მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება ითვლება, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში ჩვილის ან მშობლისთვის რთული ოპერაციის ჩატარება უნდა შეძლოს.

სამშობიაროები, რომლებიც ამ ორ კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარეებს მომსახურებას ვერ გაუწევენ.