საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო 15-მდე სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა
საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო 15-მდე სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა

გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 15-მდე სამშობიარო დაწესებულება საკეისრო კვეთების რაოდენობის ზრდის გამო დაჯარიმდა, – ამის შესახებ პირველ არხს საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსმა, მაია ხომერიკმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ჯარიმის თანხა შემდეგნაირად დაიანგარიშება: საკეისრო კვეთების რაოდენობის ლიმიტსა (800 ლარი) და მშობიარობის ლიმიტს (500 ლარი) შორის სხვაობა (300 ლარი) მრავლდება იმ საკეისრო კვეთების რაოდენობაზე, რომლებიც სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ჩატარდა. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთა კეთდება არა სამედიცინო ჩვენებით (როცა ფიზიოლოგიური მშობიარობა დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის), არამედ მშობიარის მოთხოვნით, სახელმწიფო იხდის არა 800 ლარს, არამედ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის განსაზღვრულ თანხას – 500 ლარს.

ხომერიკის განმარტებით, აღნიშნული სანქცია სამშობიარო კლინიკებთან დადებულ ხელშეკრულებებში 2017 წლის 1-ლი მარტიდან ჩაიდო და ეკისრება იმ კლინიკებს, სადაც საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი საანგარიშო პერიოდში არ შემცირდა. ეს პერიოდი თავდაპირველად ექვსი თვით განისაზღვრებოდა, მთავრობის ახალი, 180-ე დადგენილების თანახმად კი სანქციები ერთწლიან მონაცემებზე დაყრდნობით დაიანგარიშება. ცვლილება ახალ კონტრაქტებში ჩაიდება.

მაია ხომერიკის განმარტებით, ჯარიმების დაკისრების მიზანი საკეისრო კვეთების შემცირებაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 2016 წელს საკეისრო კვეთებმა მშობიარობების საერთო რაოდენობის 43% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.