სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ ადვოკატი - „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი მშენებლებზე გადატეხოს
„ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი გადატეხოს მშენებლებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორის, გრიგოლ ჭანტურიას ადვოკატმა, ლექსო კობაიძემ განუცახადა.
ადვოკატის თქმით, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ბევრი ადამიანი გამოიკითხა, მათ შორის კორპუსის მშენებლები და სამშენებლო კომპანიის დირექტორი გრიგოლ ჭანტურია.
„ჯერ გარკვევის პროცესში ვართ. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ადამიანი გამოიკითხა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე არიან დაბარებულები მშენებლები, რომლებმაც აღნიშნული კორპუსი ააშენეს. მე ვიცავ მათ უფლებებს. ასევე, ვიცავ გრიგოლ ჭანტურიას ინტერესებს“, – აღნიშნა ლექსო კობაიძემ.
მისი თქმით, კორპუსში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და მომხდარში არა მშენებლების, არამედ კომპანია „ყაზტრანსგაზის“ პასუხისმგებლობა იკვეთება.
„დიდი ალბათობით, „ყაზტრანსგაზი“ ცდილობს, ჯოხი გადატეხოს ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან მშენებლები. როგორც ჩანს, არ აპირებენ არანაირი პასუხისმგებლობის აღებას. დღესდღეობით 90 პროცენტი საქართველოში, მით უმეტეს თბილისში, არ არის ექსპლუატაციაში შესული. უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. პასუხისმგებლობა აღებული ჰქონდა „ყაზტრანსგაზს“. ჩემი აზრით, ამ კომპანიის პასუხისმგებლობა იკვეთება“, – განაცხადა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.