სამხრეთ კორეა-მექსიკა - მატჩის ანონსი
სამხრეთ კორეა-მექსიკა - მატჩის ანონსი

23 ივნისი. როსტოვი. სტადიონი “როსტოვ-არენა“. დასაწყისი – 19:00
მსაჯი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)

მექსიკის ნაკრებმა ყველას აღფრთოვანება გამოიწვია პირველ ტურში გერმანიის დამარცხების შემდეგ. კონკაკაფ-ის ჩემპიონმა არაფრის საშუალება არ მისცა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს და რაც მთავარია, საკუთარი ფეხბურთი მოახვია თავს იოახიმ ლიოვის გუნდს: შემტევი, ფეთქებადი, თავისუფალ ზონებში სახიფათო პასებით, უსწრაფესი კონტრშეტევებით. ბუნდესნაკრების დაცვა, კიდევ დიდ ხანს ვერ დაივიწყებს იმ კოშმარს.

სამხრეთ კორეა შვედეთს შეხვდა და, ალბათ, ამ ჩემპიონატის ყველაზე მოსაწყენი მატჩი ვიხილეთ ამ გუნდების შესრულებით. არც ერთს გოლის გაშვება არ უნდოდა, ამასთან, სრული უშინაარსობა აჩვენეს შეტევაში. ერთადერთი გოლი შვედეთმა პენალტით გაიტანა. ამ მატჩში აზიელებს არც ერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონიათ.
მომავალ მატჩში საინტერესო იქნება, როგორ ააგებს თავის თამაშს მექსიკა, რადგან მას პირველ ნომრად თამაში მოუწევს – არავის ეპარება ეჭვი, რომ კორეა 90 წუთის განმავლობაში, თავის დაცვით იქნება დაკავებული, ამიტომაც მექსიკამ უნდა მოიფიქროს, როგორ მოარგოს გასაღება აზიელთა დაცვას.

პირველი ტურის მატჩები
შვედეთი-ს. კორეა 1:0
გოლი: 1:0 გრანკვისტი (65-პენ)

მექსიკა-გერმანია 1:0
გოლი: 1:0 ლოსანო (35)

ახალი ამბები
მექსიკის ნაკრებს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს და არ აპირებს შემადგენლობის შეცვლას.
ფეხბურთელები შეიძლება არ შეიცვალოს არც კორეაში, თუმცა, ტაქტიკური სქემა უფრო შემტევი იქნება – 4-3-3.

ურთიერთშეხვედრები
გუნდების ერთადერთი შეხვედრა 1998 წლის ჩემპიონატზე შედგა, როცა მექსიკამ 3:1 მოუგო აზიელებს.

საინტერესო ფაქტები
– მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბოლო 13 მატჩიდან 12-ში, კორეამ “მშრალად” ვერ შეძლო კარის შენახვა.
– შვედეთთან მატჩში კორეას ყვითელი ბარათი უფრო მეტი ჰქონდა (2), ვიდრე კარში ზუსტად დარტყმა (0).
– მსოფლიოს ჩემპიონატებზე კორეას შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს (=2-5) და ბოლო სამი მატჩი ზედიზედ წააგო.
– მექსიკას მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამიდან სამი მატჩი აქვს მოგებული აზიური ნაკრებებისთვის.
– მსოფლიოს ჩემპიონატების ჯგუფურ ეტაპზე მექსიკამ ბოლო 18 მატჩში მხოლოდ 2 წააგო (+9=7).

რა თქვეს მწვრთნელებმა
ტაი-იონ შინი (კორეა):
“პირველი მატჩი წარუმატებელი გამოგვივიდა და ახლა კედელთან ვართ მიმწყვდეული. მომავალი მატჩისთვის ისე ვართ განწყობილი, თითქოს, ეს ჩვენი ბოლო თამაში იყო ჩემპიონატში”.

ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკა):
“კორეა ძლიერი მეტოქეა. მის შემადგენლობაში ბევრი კარგი და ძლიერი ფეხბურთელია, რომლებიც კარგ კლუბებში გამოდიან – “ტოტენჰემი”, “სუონსი“… კორეელთა მწვრთნელს უდიდესი გამოცდილება აქვს. საინტერესო თამაში გველოდება”.

სავარაუდო შემადგენლობები
სამხრეთ კორეა (4-5-1): ჰიუნ-ვუ ჩო – იან-გვონ კიმი, იო-ჰო პარკი, იონ ლი, ჰიუნ-სუ იანი – სუნ-იუენ კი, ჟა-ჩეოლ კოო, ჟაე-სუნ ლი, ჰი-ჩან ჰვანი, ჰეონ-მინ სონი – შინ-ვუკ კიმი.
მექსიკა (4-5-1): ოჩოამორენო, აიალა, სალსედო, ლაიუნი – ერერა, გალიარდო, ველა, გუარდადო, ლოსანო – ერნანდესი.