მსოფლიო ჩემპიონატი მინიფეხბურთში | ისტორიული შედეგი - საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი მექსიკა დაამარცხა #1TVSPORT
მსოფლიო ჩემპიონატი მინიფეხბურთში | ისტორიული შედეგი - საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი მექსიკა დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკას დაუპირისპირდა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა – 2:1.

ბესო არველაძის გუნდმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან შეხვედრა კარგად დაიწყო და ირაკლი გვეტაძის ძალიან ეფექტურად შესრულებული საჯარიმო დარტყმით ჩვენი ნაკრები დააწინაურა. გუნდმა თავი კარგად დაიცვა და ტაიმი 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმში მექსიკამ აქტიურად დაიწყო და 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ზუსტად ორ წუთში ჩვენმა ნაკრებმა მოედნის ცენტრთან საჯარიმოს შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც ლევან სვანიძემ უნაკლოდ შეასრულა და საქართველოს გუნდი ისევ წინ გავიდა – 2:1.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს კონტრშეტევაზე კიდევ სამჯერ შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, მექსიკელებს კი – ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ჩვენი მეკარე კარგად თამაშობდა და საბოლოოდ ისტორიული შედეგი დაფიქსირდა – ჩვენმა გუნდმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი 2:1 დაამარცხა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩი მოიგო და პლეი ოფში გასვლა გაინაღდა. ბოლო შეხვედრას ჩვენი გუნდი 30 ოქტომბერს ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.