სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა დაუყოვნებლივი გადადგომის შესახებ განაცხადა
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, ჯეიკობ ზუმამ სპეციალურ ტელემიმართვაში დაუყოვნებლივი გადადგომის შესახებ განაცხადა. ამგვარად მან თავი აარიდა პარლამენტში ქვეყნის პრეზიდენტისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ დაგეგმილ კენჭისყრას, რომლის ინიციატორი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მმართველი პარტია „აფრიკის ნაციონალური კონგრესი“ იყო.
მოსახლეობისადმი მიმართვაში ჯეიკობ ზუმამ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა როგორც პარტიის დისციპლინირებული წევრი, ემორჩილება მას.
მანამდე აფრიკული ნაციონალური კონგრესის თავმჯდომარემ და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ რამაპოსამ განაცხადა, რომ პარტიას ჯეიკობ ზუმას პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლება რაც შეიძლება მალე სურს, რათა არჩევნების წინ პარტიამ ამომრჩეველთა ნდობა დაიბრუნოს.
მმართველმა გუნდმა ჯეიკობ ზუმას გადადგომისთვის ორდღიანი ვადა მისცა.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
ჯეიკობ ზუმა პრეზიდენტის თანამდებობას 2009 წლის შემდეგ იკავებს. 2014 წელს ზუმა კორუფციაში დაადანაშაულეს. როგორც BBC წერს, 2016 წელს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ზუმამ სახელმწიფო სახსრები საკუთარი სახლის რეკონსტრუქციისთვის გამოიყენა. ზუმამ სახლის რემონტზე 20 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა.