სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება
სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების განხორციელების ფაქტზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება.
ერთ-ერთმა ბრალდებულმა დიმიტრი დევდარიანმა 8 ივნისს გადაწყვიტა, რომ მისი საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განეხილა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი ბიჩინაშვილს, მის საქმეს მოსამართლე განიხილავს და სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ.
„დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა, მათ შორის კითხვარების განსაზღვრა და მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას. დიმიტრი დევდარიანი იყენებს დუმილის უფლებას. ის აუცილებლად მისცემს ჩვენებას სასამართლოს მისთვის ცნობილ ფაქტზე. მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებას, რა თქმა უნდა, ვერ აღიარებს და ჩვენ ვეცდებით მისი უდანაშაულობა დავამტკიცოთ“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტები დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე, რა დროსაც სამხედროებს მძიმე ეკიპირებით უწევდათ, ბრძანების საფუძველზე, დაჩოქილებს 10-11 საათი ეხეხათ საპირფარეშოები, იატაკი. ამას კი აკეთებდნენ იძულებით. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი.