სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი მაღალჩინოსნის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
სამხედრო წვევამდელების მიმართ ღირსების შემლახავი ქმედების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი მაღალჩინოსნის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაეცა.
ბრალდებულმა დიმიტრი დევდარიანმა თანხმობა განაცხადა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულ გიორგი ბიჩინაშვილს, მან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ მისი საქმის განხილვაზე უარი განაცხადა. გადაწყვეტილება გულისხმობს ბიჩინაშვილის საქმის ცალკე წარმოებად წარმართვას, რომელსაც მოსამართლე განიხილავს. დიმიტრი დევდარიანის შემთხვევაში კი, დაიწყება ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცესი, რასაც შესაძლოა, რამდენიმე თვეც დასჭირდეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამხედრო წვევამდელებს აიძულებდნენ, რომ სპეციალური მძიმე ეკიპირებით ათეულობით საათის განმავლობაში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტები დაელაგებინათ. საუბარია ექვს ეპიზოდზე, რა დროსაც სამხედროებს მძიმე ეკიპირებითუწევდათ, ბრძანების საფუძველზე, დაჩოქილებს 10-11 საათი ეხეხათ საპირფარეშოები, იატაკი. ამას კი აკეთებდნენ იძულებით. დაზარალებულად ცნობილია ოთხი სამხედრო წვევამდელი.