სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 30 ივნისამდე გაგრძელდება
სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 30 ივნისამდე გაგრძელდება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2020 წლის საგაზაფხულო გაწვევა, რომელიც 3 თებერვლიდან დაიწყო, 30 ივნისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი.

თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1400-ით განისაზღვრა, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევთა მაქსიმალური რაოდენობა – 1328-ით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში – 950, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – 311, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში – 200.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევენ 18-დან 27 წლამდე მოქალაქეებს, რომლებსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უწევს კოორდინაციას.