ირაკლი ჩიქოვანი - ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა
ირაკლი ჩიქოვანი - ჯარის მიმართ პატივისცემა და მხარდაჭერა ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულებაა

პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა მჭიდრო სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აუცილებელია მეტი სიახლოვე საზოგადოებასა და ჯარს შორის, საჭიროა, მეტად გაიზარდოს ცნობადობა ჯარის შესახებ, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში.

„ჩვენი ქვეყნის დამცველები, ღირსეული ჯარისკაცები განსაკუთრებული მოწოდების ადამიანები არიან. იყო ჯარისკაცი, ნიშნავს განსხვავებული ცხოვრების წესს. მთელი საზოგადოება მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს მათზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოსთან ერთად, აუცილებელია რიგითი სამოქალაქო პირებიც ზრუნავდნენ და აქტიურად გამოხატავდნენ პატივისცემას, მხარდაჭერას ჯარის მიმართ.

„ეს არის ჩვენი პირდაპირი სამოქალაქო მოვალეობა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოხატულება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის თემაზე საუბრისას ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროექტები მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.