ჯუანშერ ბურჭულაძე - ჯარის მომარაგება შეურაცხმყოფელი ხარისხიდან მსოფლიოს საუკეთესო ხარისხზე გადავიდა, მართულ დეზინფორმაციას ჯარში არ აქვს არანაირი პერსპექტივა
ჯუანშერ ბურჭულაძე - ჯარის მომარაგება შეურაცხმყოფელი ხარისხიდან მსოფლიოს საუკეთესო ხარისხზე გადავიდა, მართულ დეზინფორმაციას ჯარში არ აქვს არანაირი პერსპექტივა

თავდაცვის უწყებაში ხელშესახები და კონკრეტული შედეგები გვაქვს. ეს არის კონკრეტული ციფრები, მაგალითად, საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მაღალი ინტერესი. ეს შედეგი რამდენიმე წლის წინ აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის სამინისტროს 2023 წლის საქმიანობა შეაჯამა და აღნიშნა, რომ უწყებას საერთაშორისო ურთიერთობის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა თუ სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით კონკრეტული შედეგები აქვს.

„ის, რომ ჯარში წელს ჩვენ მოთხოვნა გვქონდა და მივიღეთ 1 600 სამხედრო მოსამსახურე, არის წარმოუდგენელი. ეს შედეგი აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო რამდენიმე წლის წინ. ეს არის კონკრეტული შედეგი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების წინააღმდეგ ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, აღნიშნული ძალები უწყების კონკრეტულ წარმატებულ შედეგებს ებრძვიან, შესაბამისად, სახელმწიფოს სიძლიერეს უპირისპირდებიან.

„ჯარის მომარაგება კვების, უნიფორმის და სხვა მიმართულებით შეურაცხმყოფელი ხარისხიდან მსოფლიოს საუკეთესო ხარისხზე გადავიდა. ყველა ჯარისკაცმა იცის, რომ ეს რეალობაა თავდაცვის ძალებში. მართულ დეზინფორმაციას ჯარში არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა „იმედის“ ეთერში.