სამი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 5-თვიან მისიაში გაემგზავრა
20:34, 13.09.2017
გუშინ, 12 სექტემბერს, ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 5-თვიან მისიაში გაფრინდა ორი ამერიკელი ასტრონავტი და ერთი რუსი კოსმონავტი.
როგორც რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსი“ საკუთარ ვებგვერდზე წერს, ხომალდმა „სოიუზ MS-06“-მა წარმატებით მიაღწია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან.
რაკეტა „სოიუზმა“ მისიაში წაიყვანა რუსი ალექსანდრ მისურკინი, NASA-ს ახალბედა ასტრონავტი მარკ ვანდე და მისი ვეტერანი კოლეგა ჯო აკაბა.
ორბიტულ ლაბორატორიაში ტრიო უკვე შეუერთდა იქ მყოფ იტალიელ პაოლო ნესპოლის, რუს სერგეი რიაზანსკის და ამერიკელ რენდი ბრესნიკს.
ეს გახლდათ პირველი შემთხვევა 2010 წლის ივნისის შემდეგ, როდესაც ბაიკონურიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთდროულად ორი ამერიკელი ასტრონავტი გაფრინდა.
საკუთარი პილოტირებული გაშვებები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე NASA-მ 2011 წელს შეაჩერა, თუმცა, ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაზარდა სადგურზე მყოფ საკუთარ ასტრონავტთა მომარაგება, რადგან გასულ წელს, ხარჯების შემცირების მიზნით, რუსეთმა ასტრონავტთათვის საჭირო ნივთების მიწოდება შეამცირა.
50 წლის ჯო აკაბას უკვე დასრულებული აქვს ორი მისია და კოსმოსში გატარებული აქვს 138 დღე; 50 წლის მარკ ვანდესთვის კი ეს პირველი მისიაა; ასტრონავტის კურსის გავლამდე იგი ერაყში მსახურობდა აშშ-ის არმიაში.
მეორე მისიაა 39 წლის რუსი ალექსანდრ მისურკინისთვისაც, რომელსაც ასევე სამხედრო წარსული აქვს.
ჯო აკაბამ, რომელიც წარმოშობით პუერტორიკოელია, გაფრენამდე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ სადგურის ბორტზე ლათინოამერიკული მუსიკაც მიაქვს.
კოსმოსი ალბათ ის უიშვიათესი სფეროა, სადაც რუსეთსა და აშშ-ს შორის საერთაშორისო თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს და არ აისახება უკრაინისა და სირიის კონფლიქტების გამო ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი დაძაბულობა.
საერთაშორისო კოსმოსური სადგური დედამიწის ორბიტაზე 400 კმ სიმაღლეზე მოძრაობს. ხომალდი ჩვენს პლანეტას გარს უვლის ყოველ 90 წუთში ერთხელ, 28 000 კმ/სთ სიჩქარით.