სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს
სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტს ავსტრიული კომპანია – ILF Consulting Engineers Austria GmbH მოამზადებს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 11.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ავსტრიულმა კომპანიამ კი, სატრანსპორტო კომპანიას მომსახურება 10.8 მილიონ ლარად შესთავაზა. მასთან ხელშეკრულება 7 მაისამდე უნდა გაფორმდეს.
პროექტის ოფიციალური სახელწოდებაა – „სუბურბანული რკინიგზის განვითარება თბილისის აღმოსავლეთ საზღვრის აგლომერაციაში“. კომპანიამ უნდა შეიმუშაოს წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ორივე ხაზისთვის, სამგორი-ლილოს ხაზისთვის კი, დეტალური პროექტი და სატენდერო დოკუმენტაცია.
ILF Consulting Engineers უმსხვილესი ავსტრიული კომპანიაა, რომელსაც 50-წლიანი ისტორია და 150-მდე ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება აქვს.
ამასთან, თბილისის მერმა, კახი კალაძემ დღეს განაცხადა, რომ მიწისზედა მეტროს პროექტი შესაძლოა, დიღმის მიმართულებითაც განხორციელდეს.