სამგორის რაიონში სკეიტპარკის მშენებლობა დასრულდა
სამგორის რაიონში სკეიტპარკის მშენებლობა დასრულდა

სამგორის  რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე სკეიტპარკი მოეწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებს შორის, რომელსაც თბილისის მერია ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიმართულებით ახორციელებს.

„დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესი. ბევრი ძალიან კარგი პროექტი განვახორციელეთ. პარალელურად, ქალაქში მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, პარკების განახლება, რეაბილიტაცია, სკვერების კეთილმოწყობა. ფეხბურთის ფედერაციასთან კარგი თანამშრომლობა გვაქვს და ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ეს არის საფეხბურთო ცენტრების პროექტები, რომლებიც ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს აძლევს შესაძლებლობას, დაკავებული იყვნენ სპორტით, ფეხბურთით და, ზოგადად, მოვახდინოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დანერგვა. სამგორის  რაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე ახლახან დავასრულეთ სკეიტპარკის სამშენებლო სამუშაოები. ეს მიმართულება ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ძალიან მიხარია, რომ ყველა პარკი, სადაც ასეთი ტიპის პროექტი განვახორციელეთ, სავსეა ახალგაზრდებით. ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო სკეიტპარკის მოედანი, მის გარშემო კი გამწვანდა ორი ჰექტარი ტერიტორია.

თბილისის მერმა აღნიშნულ პროექტზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერიის „მწვანე პოლიტიკა“ ადრე არსებულისგან რადიკალურად განსხვავებულია და მიმართულია მწვანე სივრცეების მაქსიმალურად გაზრდისკენ.

„ძალიან მიხარია, რომ ე.წ. მწვანე სივრცეების რაოდენობა დედაქალაქში იზრდება. ჩვენ გვახსოვს პოლიტიკა, როდესაც ხდებოდა მწვანე სივრცეების განადგურება და გაუბედურება, სპორტული სივრცეების გასხვისება იმისათვის, რომ სხვადასხვა სამშენებლო პროექტი განხორციელებულიყო. ჩვენ ეს პოლიტიკა რადიკალურად შევცვალეთ. გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში, რაც შეიძლება, მეტი მწვანე სივრცე და მოწესრიგებული პარკი შევქმნათ; რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა დაისვენოს, რათა ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება შევძლოთ. არაფერი ისე არ უხდება ამ ქალაქს, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.