კახა კალაძე - არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტი განხორციელდეს
კახა კალაძე - არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტი განხორციელდეს

არის სერიოზული მოსაზრება, რომ დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტი განხორციელდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა,  უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს.

„მარტივი ენით რომ ვთქვა, რას ნიშნავს ეს –  გვინდა, ჩავატაროთ კვლევა,  რაიონებში, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა,  რისი გაკეთება არის შესაძლებელი. შეიძლება, ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით არის სერიოზული მოსაზრება, რომ არის შესაძლებელი მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება. შესაბამისად, კვლევა ყველაფერს გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. რამოდენიმე კვირაში უკვე დაიწყება კვლევები და ძალიან მალე გვექნება სრული სურათი, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს. მეტროს პროექტი დიღომში ერთ-ერთი საუკეთესო და მარტივად შესაძლებელი პროექტია. თქვენ იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით ტენდერი გვაქვს გამოცხადებული პროექტზე. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად სრული პროექტი, რაზეც უკვე სამშენებლო ტენდერს გამოვაცხადებთ და დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.