სამეგრელო-ზემო სვანეთის რვა რეგიონიდან საკრებულოს თავმჯდომარეები ოთხში აირჩიეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ჩატარდა ახლად არჩეული საკრებულოს სხდომები. ოთხ მუნიციპალიტეტში აბაშაში, მარტვილში, ხობსა და მესტიაში საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს.
აბაშაში საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ წევრი ლევან მაკალათია გახდა. მარტვილში ლევან სურმავა, ხობში ლევან ქავთარაძე, მესტიაში მაიზერ ჯაფარიძე, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები არიან.
დანარჩენ ოთხ მუნიციპალიტეტში კი, სენაკში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, საკრებულოს წევრებმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ და პარტია „საქართველოდან“, სხდომა დატოვეს. ვინაიდან, ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არც ერთ პარტიას არ ჰყავს უმრავლესობა და სხდომაზე დარჩენილი „ქართული ოცნება“ კვორუმს ვერ აგროვებდა, სხდომები ერთი კვირით გადაიდო. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს.
რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომა გახსნა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა. სხდომაზე ყველა პარტიამ მხარი დაუჭირა საკრებულოს ლეგიტიმაციას, თუმცა სხვა პროცედურულ საკითხებში მონაწილეობაზე, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობაზე, უარი განაცხადეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ პარტიიდან არჩეულმა საკრებულოს წევრებმა. სხდომა დატოვა 25 წევრმა და კვორუმის არარსებობის გამო, თავმჯდომარის არჩევნები ერთი კვირით გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე ორი ფრაქცია შეიქმნა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ზუგდიდი- საქართველოსთვის“. „ნაციონალურ მოძრაობას“ ფრაქცია არ შეუქმნია.
ამასთან, სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ თხოვნით, პატივი მიაგეს ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრის ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას. განცხადებას, რომ ეს ადამიანი სისტემას ემსხვერპლა, ხმაური მოჰყვა „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან. ასევე ხმაური მოჰყვა ენმ-ის მიერ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხისთვის სიმბოლურად ხელბორკილების გადაცემას. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, მირანდა მესხს მოუწევს პასუხისმგებლობა გაყალბებული არჩევნების გამო და ის აუცილებლად მოხვდება ციხეში.