სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა
სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა

სამეცნიერო წრეებმა აღიარეს, რომ მეღვინეობა მთელ მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საქართველოს მეღვინეთა ასოციაციის პრეზიდენტმა თინათინ კეზელმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად ცივილიზაციების ჩამოყალიბებაზე.

„ორშაბათს, 13 ნოემბერს, ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში ახალი ქიმიური ანალიზით ჩატარებული კვლევების შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, მეღვინეობა საქართველოს ტერიტორიაზე დასახლებულმა ტომებმა ჯერ კიდევ 8 000 წლის წინ დაიწყეს. თბილისიდან 50 კილომეტრში მდებარე ანტიკურ სოფლებში, სახელად გადაჭრილი გორა და შულავერის გორა, ღვინით გაჟღენთილი ქვევრი და სხვა თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც 80 საუკუნით თარიღდება“, – აღნიშნეს ღონისძიებაზე.

უახლესი ბიომოლეკულური არქეოლოგიური და არქებოტანიკური მტკიცებულების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის 6 000-5 800 წლებში, ადრეული ნეოლითის ხანის ღვინო საქართველოში მზადდებოდა – რაც შემდეგ მსოფლიოში გავრცელდა.​

PNAS-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ქართველი, კანადელი, ამერიკელი, ფრანგი, ისრაელელი და იტალიელი მეცნიერები და პროფესორები არიან.

აქამდე მეღვინეობის სამშობლოდ ჩინეთი ითვლებოდა, რადგან 2004 წლის აღმოჩენის მიხედვით, იქ 7 000 წლის წინ ყურძნის, თაფლის, ბრინჯის და ასკილის კოქტეილებს აკეთებდნენ.

„ნეიშენალ ჯეოგრაფიკ საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI ათასწლეული) ძეგლების კვლევა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. უკანასკნელ წლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციების მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ტორონტოს უნივერსიტეტი.