ამერიკული ჟურნალი Wine Enthusiast-ი ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას აგრძელებს - საფერავის ჭიქას როცა აწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე
ამერიკული ჟურნალი Wine Enthusiast-ი ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიას აგრძელებს - საფერავის ჭიქას როცა აწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე

ქართული ღვინის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პრესტიჟულ ამერიკულ ღვინის ჟურნალთან, „Wine Enthusiast“-თან თანამშრომლობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. თანამშრომლობა 2024 წელსაც გრძელდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ჟურნალის მაისის თვის ონლაინგამოცემაში ფოკუსი საფერავზე გაკეთდა.

„საფერავი – მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინო ამერიკაში ყველაზე მზარდი კატეგორიაა იმპორტირებულ ღვინოებს შორის მას შემდეგ, რაც CBS-ის გადაცემა „60 წუთი“ ღვინის სამშობლოს, საქართველოს მიეძღვნა; და ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული სამზარეულო აშშ-ში უფრო ცნობილი გახდა (The New York Times-მა 2024 წელს ქართული რესტორანი Chama Mama დაასახელა ტოპ 100 რესტორანში), შესაძლოა, საფერავიც მალე უფრო პოპულარული გახდეს… როდესაც საფერავის ჭიქას აწევთ, მხოლოდ მისი არომატებით არ დატკბებით, თქვენ შესვამთ 8000-წლიან ისტორიას დღემდე“, – აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც საუბარია საფერავის წარმოშობის ისტორიასა და მის ჯიშურ მახასიათებლებზე, საფერავის როლზე ღვინის თანამედროვე ინდუსტრიაში და მის პერსპექტივებზე ღვინის გლობალურ ბაზარზე.

კამპანიის ფარგლებში, ჟურნალ Wine Enthusiast-ში გასულ წელს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „გაიცანით საქართველო, მეღვინეობის სამშობლო“. 2024 წელს Wine Enthusiast-ი ქართული ღვინის შესახებ სარეკლამო-მარკეტინგული ხასიათის კამპანიას როგორც ბეჭდურ, ისე ონლაინგამოცემებში გააგრძელებს. Wine Enthusiast-ი 1979 წელს დაარსდა; დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ღვინის ჟურნალი და ღვინის ონლაინმედიაპლატფორმაა აშშ-ის ბაზარზე, 5-მილიონიანი აუდიტორიით. აღსანიშნავია, რომ აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პრეზენტაცია-დეგუსტაციებსა და საერთაშორისო გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენის პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აშშ-ში გააქტიურდა მედია კამპანიაც: სარეკლამო კლიპი მომზადდა ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ეთერისთვის, აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა ტელემაუწყებელმა, CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი Ancient Vines (უძველესი ვაზი) მოამზადა, საიმიჯო სტატიები ქვეყნდება სხვადასხვა ბეჭდურ თუ ელექტრონულ გამოცემაში (CNN, The Wall Street Journal, Men’s Journal, Imbibe, Wine-Searcher, SOMM TV, Forbes, Wine Enthusiast).

ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.