სამეცნიერო ჟურნალი Science აქვეყნებს სტატიას, სადაც გაანალიზებულია აფრიკაში, იავაში, ჩინეთსა და დმანისში ნაპოვნი ადრეული Homo-ს ტვინის აგებულება
სამეცნიერო ჟურნალი Science აქვეყნებს სტატიას, სადაც გაანალიზებულია აფრიკაში, იავაში, ჩინეთსა და დმანისში ნაპოვნი ადრეული Homo-ს ტვინის აგებულება

მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი Science სტატიას – The Primitive Brain of Early Homo აქვეყნებს, რომლის ავტორები წარმოადგენენ შვეიცარიის, საფრანგეთის, ისრაელის, აშშ-ის,  ინდონეზიისა და საქართველოს სამეცნიერო ცენტრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მუზეუმის ცნობით, სტატიაში გაანალიზებულია აფრიკაში, აზიასა (იავა, ჩინეთი) და დმანისში ნაპოვნი ადრეული Homo-ს ტვინის აგებულება.

„ახალ კვლევაში წარმოდგენილი შედეგები მიღებულია გამოსახულებების აღდგენის თანამედროვე საშუალებებით. ძირითადი კვლევები ციურიხის უნივერსიტეტში უახლესი მეთოდიკით კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებებით ჩატარდა. კვლევამ აჩვენა, რომ ადრეული Homo-ს ტვინები აფრიკიდან და დმანისიდან ინარჩუნებენ პრიმიტიულ, ადამიანის მსგავსი მაიმუნების შუბლის წილს, ხოლო აფრიკელ Homo-ს, რომელიც 1.5 მილიონ წელზე ახალგაზრდაა, ისევე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელ Homo erectus-ს ბევრად განვითარებული, თანამედროვე ადამიანის მსგავსი ტვინის აგებულება აქვს.

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ დიდი ინტერესი გამოიწვია სამეცნიერო სამყაროში. სამეცნიერო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ „ახალი მონაცემების თანახმად, ადამიანის ტვინის ევოლუციური ისტორია ბევრად რთული პროცესი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ“, – აღნიშნულია ეროვნული მუზეუმის ინფორმაციაში.

სტატიის თანაავტორის, დმანისის საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის აზრით, „ეს კვლევა, ისევე, როგორც 2019-2020 წელს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატია, რომელიც დმანისის ნამარხებიდან უძველესი ცილების გამოყოფის შედეგებს ეხებოდა, ადასტურებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დმანისის ნამარხები ახალი, დიდი სამეცნიერო აღმოჩენების შესაძლებლობებს იძლევა და რომ ის კვლავ წარმოადგენს მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების გაუნელებელი ინტერესის საგანს“.

„ნაშრომი წარმოადგენს არა მარტო უაღრესად მნიშვნელოვან სამეცნიერო და ტექნოლოგიურ გარღვევას, არამედ ეს კვლევა ასევე ადასტურებს, რომ სწორი მიდგომებისა და სწორი მეცნიერული ხედვის პირობებში, ქართველ მეცნიერებს აქვთ ინტელექტუალური და სამეცნიერო რესურსი, გახდნენ მსოფლიო დონის თანამედროვე კვლევების მნიშვნელოვანი მონაწილენი, რაც მეცნიერთა ამ ჯგუფს ადრეც ბევრჯერ დაუმტკიცებია. მიხარია და მეამაყება მათი მორიგი წარმატება!“ – ამბობს ნეირომეცნიერი, ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კოკაია.