„ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ირანში ტრამპის ომს უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის ექო ფონად მიჰყვება“
„ნიუ იორკ თაიმსი“ აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სახელწოდებით „ტრამპის ომს ირანში უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის ექო ფონად მიჰყვება“.
სტატიის ავტორი ანტონ ტროიანოვსკი წერს, რომ ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის რიტორიკა მსგავსია რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასაწყისში აკეთებდა.
სტატიის თანახმად, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია, რომ ორივე მხარე ცდილობს, თავისი ქმედებები „ომად“ არ მოიხსენიოს. მაგალითად მოყვანილია აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადება, სადაც ჰეგსეტი ამბობს: „ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით მას ვასრულებთ“. 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი თქვა: „ჩვენ არ დაგვიწყია ე.წ. ომი უკრაინაში. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ მის დასრულებას“.
სტატიის მიხედვით, გასულ კვირას კითხვაზე, – „არის თუ არა ეს ომი?“ – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა უპასუხა: „ვფიქრობ, ეს ოპერაციაა“. რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ასევე განაცხადა: „ეს არის სპეციალური სამხედრო ოპერაცია“.
ამასთან, სტატიის ავტორს მაგალითად მოჰყავს პუტინის 2022 წლის მიმართვა, როდესაც მან უკრაინელ სამხედროებს მოუწოდა იარაღის დაყრისკენ და განაცხადა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დაეკისრებოდა. მსგავსი მოწოდება გააკეთა დონალდ ტრამპმაც ირანელი სამხედროების მიმართ, როდესაც განაცხადა, რომ მათ უნდა „დაყარონ იარაღი“, წინააღმდეგ შემთხვევაში „გარდაუვალი სიკვდილი“ ელოდებათ.
ამავდროულად, სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ სამხედრო ოპერაციები ხშირად გრძელდება უფრო დიდხანს, ვიდრე თავდაპირველად პროგნოზირებენ. სტატიაში მიმოხილულია რუსეთის უკრაინაში ომის განვითარება. თავდაპირველად დასავლეთისა და რუსეთის ზოგიერთი წარმომადგენელი ვარაუდობდა, რომ ომი სწრაფად დასრულდებოდა, თუმცა ბრძოლა, უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება და მსხვერპლთა რაოდენობა ასობით ათასს აღწევს. უკრაინის არმია კვლავ ინარჩუნებს პოზიციებს და ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ ხელისუფლებაშია. სტატიის ავტორი წერს, რომ ირანის შემთხვევაში ჯერ არ ჩანს ნიშნები, რომ ხელისუფლება ან სამხედროები დანებებას აპირებენ.
ამასთან, სტატიის თანახმად, ზოგიერთი ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიზნები ხშირად იცვლება – დაწყებული ირანის ბირთვული პროგრამისა და სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებით, დასრულებული რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობით. სტატიის ავტორის თქმით, მსგავსი გაურკვევლობა აჩვენებს კონფლიქტის სირთულეს და ზრდის საფრთხეს, რომ აშშ-ის მოსახლეობა უფრო დიდი უსაფრთხოების პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, ვიდრე ამას ახლა აღიქვამს.