ICG – აშშ-მა და ევროპამ სცადეს საქართველოს ჩართვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვაშინგტონი თხოვდა, უკრაინისთვის იარაღი მიეწოდებინა ან რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა

00:11, 21.05.2026

უკრაინის ომი, უკვე ოთხი წელია, დომინირებს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ აზროვნებაში. რუსეთის თავდასხმამ ქვეყანა, რომელმაც თავადაც გადაიტანა რუსეთის შეჭრა 2008 წელს, შეძრა. მთავრობაში გაჩნდა შიში, რომ საქართველო, შესაძლოა, შემდეგი სამიზნე გამხდარიყო, – ამის შესახებ დამოუკიდებელი ორგანიზაციის, „საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის“ (ICG) ანალიტიკურ სტატიაშია ნათქვამი.

სტატიის თანახმად, „აშშ-მა და ევროპამ მალევე სცადეს საქართველოს ჩართვა რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში“.

„ვაშინგტონი კერძო არხებით თხოვდა, რომ საქართველოს უკრაინისთვის რაიმე ფორმით დახმარება გაეწია – იარაღი მიეწოდებინა ან რუსეთის წინააღმდეგ ორმხრივი სანქციები დაეწესებინა. ბრიუსელიც არაერთხელ მოუწოდებდა „ქართულ ოცნებას“, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას შეერთებოდა. საქართველომ ეს მოთხოვნები აღიქვა, როგორც მცდელობა, რომ ქვეყნის პროდასავლური ორიენტაცია გამოეყენებინათ, რაც შესაძლოა, ქართველებისთვის დამანგრეველი აღმოჩენილიყო. აშშ ,შესაძლოა, საკუთარ მოთხოვნებს პროვოკაციულად არ აღიქვამდა, რადგან მსგავს თხოვნებს სხვა პარტნიორებსაც უგზავნიდა, თუმცა ორივე მხარის ოფიციალური პირები ახლა აღიარებენ, რომ ვაშინგტონმა საქართველოს განსაკუთრებული მგრძნობელობა სათანადოდ ვერ გაითვალისწინა. „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში მნიშვნელოვნად მარჯვნივ გადაიხარა, ამ ზეწოლას წარმოაჩენს „გლობალური ომის პარტიის“ მოქმედებად – დასავლეთის დედაქალაქებში მოქმედ ძალად, რომელსაც სურს, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტად“ აქციოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ დასავლეთის მოთხოვნები უარყო და ამის ნაცვლად, რუსეთთან დაძაბულობის თავიდან აცილება ამჯობინა.

„შედეგად, გაღრმავდა ეკონომიკური კავშირები მოსკოვთან: აღდგა პირდაპირი ავიარეისები, გაიზარდა ნავთობისა და გაზის იმპორტი. საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე დიდწილად ეფუძნებოდა რწმენას, რომ რუსეთი საბოლოოდ უკრაინის ომში უპირატესობას მოიპოვებდა – განსხვავებით ვაშინგტონისა და ევროპის ოპტიმისტური პროგნოზებისა. ქართველი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებმა და აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებმა მათი შეფასებები გაამართლა და რომ საბოლოოდ კიევი დამარცხდება. ომი რუსეთის პირობებით თუ დასრულდება, ეს რეგიონს მთლიანად შეცვლის და გამარჯვებულ რუსეთს ახალ გავლენის სფეროს მისცემს, რომელშიც საქართველო, ისტორიისა და გეოგრაფიის გამო, დიდი ალბათობით, მოექცევა. ამავე დროს თბილისში ფიქრობენ, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის „არაეფექტიანი მხარდაჭერის“ გამო, საბოლოოდ დისკრედიტდებიან, ხოლო ევროპაში გავლენას უფრო კონსერვატიული ძალები მოიპოვებენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნებიან“, – წერია სტატიაში.

ორგანიზაციის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ მართალია, აშშ-მა და ევროპამ თავდაპირველად, შესაძლოა, ვერ შეაფასეს საქართველოს შიშების მასშტაბი, მაგრამ, მთლიანობაში, მათი პოლიტიკა ზომიერი და საქართველოს მოწყვლადი მდგომარეობისადმი თანაგრძნობით გამორჩეული იყო.

„თუმცა საქართველოს მცდელობამ, ომში არ ჩართულიყო, მწვავე კრიტიკა გამოიწვია ევროპარლამენტის რეზოლუციებში და ზოგიერთი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსის განცხადებებში. ევროკავშირის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ეს კომენტარები ოფიციალურ პოლიტიკას არ ასახავდა, მაგრამ როგორც ოპოზიციამ, ისე ხელისუფლებამ ისინი ევროკავშირის საერთო პოზიციად აღიქვეს, რამაც პოლიტიკური კრიზისები კიდევ უფრო გააღრმავა. ოპოზიციისა და კრიტიკული მედიისთვის ევროპული კრიტიკა იმედს აჩენს, რომ დასავლეთი მმართველი პარტიის წინააღმდეგ ჩაერევა. „ქართული ოცნებისთვის“ კი ეს გახდა საფუძველი, მოსახლეობაში შიში გაეღვივებინა, თითქოს საქართველო ომში ჩათრევის ორგანიზებული კამპანიის მსხვერპლია“, – ნათქვამია ანალიტიკურ სტატიაში, რომელიც 25 მარტით თარიღდება.

მსგავსი