სამების საკათედრო ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში მუსიკოსის, ფოლკლორისტის, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ანზორ ერქომაიშვილი, 80 წლის ასაკში, 31 მარტს გარდაიცვალა. ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით იყო მოთავსებული.
ანზორ ექომაიშვილს დღეს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
ანზორ ერქომაიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.
1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“.
მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური, საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის; ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.