სალომე ზურაბიშვილი - თავს პასუხისმგებლად მივიჩნევ, ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე, ამისთვის გადავდგი მძიმე ნაბიჯი, რომელსაც შეწყალება ერქვა
სალომე ზურაბიშვილი - თავს პასუხისმგებლად მივიჩნევ, ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილურად მივიდეთ არჩევნებამდე, ამისთვის გადავდგი მძიმე ნაბიჯი, რომელსაც შეწყალება ერქვა

მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად არა მხოლოდ კონსტიტუციით, მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო, რათა სტაბილურად მივიდეთ არჩევნების დღეს, ამისთვის გადავდგი თავის დროზე ის რთული, მძიმე ნაბიჯი, რომელსაც შეწყალება ერქვა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებით ქვეყნის სტაბილურობა გამყარდა.

„მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რამე ეწერა რომელიმე შეთანხმებაში, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას, დღეს სწორედ გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩების როლზეც და მათ მადლობა გადაუხადა.

„არ შეიძლება, ხაზი არ გავუსვა ასევე ელჩების, ფასილიტატორების როლს ამ პროცესში და მათ მადლობა ვუთხრათ იმიტომ, რომ მათი ნაბიჯი, მათი ჩართვაც იყო ამ სტაბილურობის გამყარებისკენ ორიენტირებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, სჯერა ოქტომბერში მშვიდობიანი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები ჩატარდება.

„ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება, არ აწყბოდეს და ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე.

ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველანი ერთად და მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, სამართლიან, გამჭვირვალე არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. ისიც მჯერა, რომ ამაში პანდემია ხელს ვერ შეგვიშლის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

შეგახსენებთ, 15 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა.

სალომე ზურაბიშვილმა მაშინ საკუთარ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ უგულავასა და ოქრუაშვილს არ იწყალებდა, როგორც პოლიტპატიმრებს, არამედ ეს გადაწყვეტილება სიტუაციის განმუხტვას, სტაბილურობისა და ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის შენარჩუნებას ემსახურებოდა.