შალვა პაპუაშვილი - ყველა შეხვედრაზე ჩანს მოქალაქეების სრული მხარდაჭერა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ
შალვა პაპუაშვილი - ყველა შეხვედრაზე ჩანს მოქალაქეების სრული მხარდაჭერა ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამართულ ყველა შეხვედრაზე ჩანს, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

პაპუაშვილის თქმით, სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან საუბარია ელემენტარულ ღირებულებებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი.

„ვაგრძელებთ საყოველთაო-სახალხო განხილვას ჩვენს მოსახლეობასთან ერთად. ქუთაისის, ამბროლაურის შემდეგ, დღეს ოზურგეთში გვექნება მოსახლეობასთან შეხვედრა. ყველა ამ შეხვედრაზე ჩანს სრული მხარდაჭერა ცვლილებების მიმართ. სხვანაირად ვერც იქნებოდა, რადგან ვსაუბრობთ ელემენტარულ ღირებულებებზე, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი. ცვლილებების მხარდაჭერასთან ერთად, მოქალაქეების მხრიდან ასევე არის ინტერესი დეტალებთან დაკავშირებით. ამ დეტალებზეც გვაქვს საუბარი მოსახლეობასთან, რათა განვმარტოთ, რას გულისხმობს პროპაგანდის შეზღუდვა, რას გულისხმობს უფლებრივი ნაწილის გამიჯვნა პროპაგანდისგან. მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქის უფლებების დაცვა, მეორე მხრივ, სწორედ უფლებების დაცვის ჭრილშიც დავიცვათ საზოგადოება პროპაგანდისგან. ასე რომ, ეს გამიჯვნა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა. კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ამასთან, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.