სალომე ზურაბიშვილი - რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზადაა, დაგვეხმაროს და გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები, არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი
სალომე ზურაბიშვილი - რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზადაა, დაგვეხმაროს და გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები, არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი

რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, დაგვეხმაროს და გაიხსნას უსაფრთხო საარჩევნო უბნები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) მიერ გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მთავარია, ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა შესაძლებელი. მისივე თქმით, არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი, მით უმეტეს, დიდ ქვეყნებში, სადაც რთულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მონაწილეობა.

„მინდა, ხაზი გავუსვა, არამხოლოდ პოლიტიკურ პარტიების, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ საზოგადოების როლი არის ბევრად უფრო დიდი, მნიშვნელოვანი და პარტიები არიან მხოლოდ იმის ამსახველი, რა უნდა, რას მოითხოვს საზოგადოება. რაც უფრო ნათელია საზოგადოების მოთხოვნები, პარტიები მით უფრო აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის რეალურად დემოკრატია და არა – პირიქით. სამწუხაროდ, წლებმა და სხვადასხვა რეჟიმმა მიგვაჩვია, რომ ზემოდან ქვემოთ მოდის ყველაფერი და არა – ქვემოდან ზემოთ. სამწუხაროდ, კოვიდმა და პოლიტიკურმა პოლარიზაციამ არ მისცა ეროვნული თანხმობის პროცესს გაშლის საშუალება. მთელი საქართველოს ისტორია ამას გვეუბნება, რომ ეროვნული თანხმობა, ერთად ბრძოლა არის ის, რამაც საქართველო დღემდე მოიტანა. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რაც არ უნდა გვაღიზიანებდეს, არ მოგვწონდეს, ვერ ვთანხმდებოდეთ სხვადასხვა საკითხზე.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს არსებობს ეროვნული თანხმობა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, როცა ყოველდღე უნდათ, გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი. ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც გაერთიანებულია მთავარ საკითხებზე. მე მინდა ჩემი შვილებისთვის და მათი მომავლისთვის ევროპა, მე არ მინდა რუსეთი. ეს უნდა საზოგადოების უმრავლესობას და თუ პოლიტიკური პარტიები ამას ვერ ხედავენ, ცუდია მათთვის. საზოგადოებამ იცის, რა უნდა და მე ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული.

ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ ამ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის რაღაც გულგრილობა. მე ვიყავი ახლა სოფლებში. ჩემთვის გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინი ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანია მხოლოდ ერთი – საქართველოს ევროპული გზა. არანაირი სხვა პოლიტიკური, რაღაც შიდაპოლიტიკური ძახილები იქ არ არის და აქ არმისვლა კიდევ უარესია ბავშვებისთვის. სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის. ის არ მესმის, რომ თსუ-ს რექტორი არ აძლევს სტუდენტებს უფლებას, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას. ამაზე მარტივი და ამაზე არაპოლიტიკური არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლება, რადგან ეს არის ვითომ რაღაც პოლიტიკური ღონისძიება. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ პოლიტიკა არის პოლიტიკა და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები არის სხვა რამ, რაც ყველგან, ყველა სივრცეში უნდა იყოს თავისუფალი. ამ თავისუფლებისთვის გვინდა ჩვენ ევროპა, რომ არავინ არავის მიმართ მუქარით არ სცადოს მისი ან აზრების შეცვლა, ან რაღაცნაირად გავლენის მოპოვება.

დიასპორა და არჩევნები ჩემი თემაა. სულ მაწუხებდა ეს, რადგან იქ ვხედავდი სხვადასხვა არჩევნების დროს, რამდენად არასერიოზული ასახვა არის შედეგებზე იმისა, თუ რა განწყობაა ემიგრაციაში. არაფერს ნიშნავს, მაგრამ მაინც. მე რომ წავაგე არჩევნები პარიზში, ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრებს გარეთ, მათ შორის ძალიან ბევრი არალეგალია და არაფერი კეთდება. სხვათა შორის, არცერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა, რომ არჩევნებში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა გაიზარდოს. პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის კარგად მოკალათებული, მონაწილეობა არჩევნებში ითვლებოდა როგორც სრულიად საკმარისი და ყველა ხელისუფლება ფიქრობდა: „რატომ ავიტკივოთ თავი და დავიწყოთ რაღაც კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნება“.

ერთი რამ არის აქაც ძალიან ნიშანდობლივი, რომ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ, მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება ბევრად უფრო რთულია. ამათ ვერ იჭერ შენი ხელფასით, გავლენით, შვილებით, მეუღლით და ა.შ. ასე რომ, ეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ცოცხალი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლებისა და მათი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დისკუსია ახლა უნდა დაიწყოს და მოხარული ვარ, რომ იწყება სხვადასხვა წრეში. ეს ნიშნავს, რომ თემა აქტუალურია. ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. მთავარია, ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია, მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი, მით უმეტეს, დიდ ქვეყნებში, სადაც რთულია ჩვენი მოქალაქეებისთვის მონაწილეობა. ვიცი, რომ რამდენიმე ჩვენი პარტნიორი ქვეყანა მზად არის, დაგვეხმაროს იმისთვის, რომ გაიხსნას უსაფრთხო უბნები ამ ქვეყნებში.

მეორე საკითხია, რომ არალეგალებს ყოველთვის ეშინიათ, რომ მისვლა საელჩოსთან ან საარჩევნო უბანთან იქნება აღნიშნული ადგილობრივი პოლიციის მიერ და მათ შეიძლება, რაღაც საფრთხე შეექმნათ. ეს საკითხი ასევე გადაწყვეტილია ბევრ ქვეყანას შორის. მე მიკვირს ზოგჯერ, საზოგადოების ამ საკითხებზე – დიასპორის საარჩევნო უფლებებსა თუ მოქალაქეობის გამარტივების საკითხებზე რატომ დუმს საზოგადოება, როცა, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში არის ვიღაც, ვინც ცხოვრობს საზღვარგარეთ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობა იქნება სიტყვიერი თუ ხელით შეხება, ის მაგალითია, რომელიც საზოგადოებაზე გადადის. ზურაბიშვილის განცხადებით, ყველას ვალდებულებაა, ხალხს მივცეთ მშვიდი, ღირსეული გარემო, ერთმანეთის პატივისცემით და არა ლანძღვა-გინებით.

„არ შეიძლება, არ შევეხო იმ ძალიან მტკივნეულ საკითხს, რომელსაც ჰქვია ქალთა მიმართ ძალადობა და პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობა. არ არიან პოლიტიკოსები გამორჩეულები და ხშირად არის ნათქვამი, რომ პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება, რაც მართლაც სწორია, მაგრამ ამ მოთმინებასაც აქვს  საზღვარი. ეს საზღვარი არის ღირსეული ქცევა ყველასი, რაც პოლიტიკაში ყველას მოეთხოვება. პოლიტიკოსების მიმართ ამომრჩევლის განსჯა სწორედ ამით უნდა იყოს განპირობებული, როგორ ღირსეულად იქცევა პოლიტიკოსი პოლიტიკაში. პოლიტიკა არ არის რაღაც პრივილეგია, რომელიც უფლებას გაძლევს, როგორც გინდა, ისე მოიქცე. ამას კიდევ სხვა განზომილება აქვს, რომ ქალთა მიმართ პოლიტიკური ძალადობა, ეს იქნება სიტყვიერი, თუ ხელით შეხება, ეს არის ის მაგალითი, რომელიც მერე გადადის საზოგადოებაზე. საზოგადოება თუ უყურებს, რომ ვინც ქვეყნის ელიტად ითვლება, ვინ როგორ თვლის, მაგრამ ვინც ითვლება ამ კატეგორიაში, თუ ისინი ამის უფლებას აძლევენ თავს, მაშინ სხვა რატომ უნდა იყოს შეზღუდული?! როგორც ვიცით, მაგალითი ყოველთვის არის ის, რაც განაპირობებს ადამიანების ქცევას. ამიტომ ეს პოლიტიკოსების მთავარი ვალდებულებაა. მოთმენის გარდა, არის ქცევის, ღირსეული ქცევის ვალდებულება. მინდა, ყველას ეს მოვუწოდო, თორემ საზოგადოებაში ჩვენ გვექნება მზარდი პრობლემა. საზოგადოება, რომელიც არის ისედაც დაძაბული, აგრესიული და ამაში ძალიან ბევრი რამე მონაწილეობს, პირველ რიგში, სოციალური ქსელები, ეს საზოგადოება, ამ მხრივ, ბევრად უფრო მოწყვლადია და ჩვენი, ყველას ვალდებულებაა, რომ მივცეთ უფრო მშვიდი გარემო, უფრო დაბალანსებული და უფრო ღირსეული, ერთმანეთის პატივისცემით და არა – ერთმანეთის ლანძღვა-გინებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.