სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუმინეთში ე.წ. შავი ზღვის ფორმატსა და „ბუქარესტის ცხრიანის“ ჯგუფში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს
სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუმინეთში ე.წ. შავი ზღვის ფორმატსა და „ბუქარესტის ცხრიანის“ ჯგუფში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობა განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რუმინეთში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიმართ ერთსულოვან მხარდაჭერას.

„რუმინეთი მზად არის, ყველა მხრივ დახმარება აღმოგვიჩინოს და ჩვენ ვიცით, რომ კითხვარის შევსების დროს ძალიან კონკრეტული დახმარებაც გაგვიწია. ევროპულ პერსპექტივასა და კანდიდატობაზე დებატების დროს, რუმინეთი იყო ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს ყოფნას მოლდოვისა და უკრაინის ჯგუფში. დღესაც მზად არიან, რომ ჩვენ ეს გზაც გავიაროთ და დავეწიოთ ჩვენს ორ პარტნიორს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის ერთსულოვნება არსებობს უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხზეც.

„სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან უკრაინაში წყდება ჩვენი ერთობლივი ბედი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება. აქ არ არის ორი პოზიცია, არის მხოლოდ ერთი და ეს არის უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რუმინეთთან დიდი პროექტების განხორციელება სრულად დამოკიდებულია შავ ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე.

„მე ვიტყოდი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საწყისები. ეს არის ჩვენი ურთიერთობების განვითარება ეკონომიკური მხრიდან, ასევე განხორციელება იმ მთავარი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების, რომლებიც ეხება შავ ზღვას, რომელიც აინტერესებს რუმინეთსაც და ევროკავშირსაც. ეს დიდი პროექტები სრულად დამოკიდებულია იმაზე, რომ ერთი მხრივ, შავ ზღვაზე იყოს უსაფრთხოება და მშვიდობა, მეორე მხრივ, იმაზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ გზით სიარული. ხვალ კონსტანცაში ჩავალთ, რათა ვნახოთ პორტის მდგომარეობა. გვეუბნებიან, რომ შესაძლებელია, დაიწყოს ეს საზღვაო მოძრაობა, რომელზეც ვსაუბრობთ წლების მანძილზე. მათი გზავნილი იყო, რომ დავიწყოთ პატარა ნაბიჯებით, მაგრამ დავიწყოთ. შეიძლება, რაღაც იმედი იყოს ასევე საჰაერო მიმოსვლის კუთხით. მათი მხარდაჭერა არის სრულყოფილი. ამ ყველაფერში ჩვენ ერთად და მივდივართ ერთი მიმართულებით. მგონი, შეიძლება, გვქონდეს ამ ყველაფრის ძალიან დიდი იმედი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუმინეთში შეხვედრებზე დასვა ორი საკითხი. მისივე თქმით, ერთ-ერთი არის „სამი ზღვის ინიციატივა“, რომელიც ამ დროისთვის მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებს ეხება, მაგრამ არის ინტერესი და გამართლებული იქნება, თუ ამ ფორმატში უკრაინა, მოლდოვა და საქართველო თუნდაც დამკვირვებლის სტატუსით იქნებიან.

ამასთან, მეორე საკითხი, რომელზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, არის ნატო-ს მონაწილეობით შექმნილი ე.წ. ბუქარესტის ცხრიანის ჯგუფი.

„ეს საკითხი ჩვენთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, რადგან ეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და ჩვენ ვართ შავი ზღვის ქვეყანა. აქაც, მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს მიერთება ამ ჯგუფთან რაღაც ფორმით უნდა იყოს განხილული“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, ამ ორ საკითხზე ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ მათი მხრიდან გამოითქვა საკითხებისადმი ფიქრის მზადყოფნა.

„ამ ორივე საკითხზე არანაირი გადაწყვეტილება დღეს არ არის მიღებული, მაგრამ იგრძნობა, რომ მათი მხრიდან არის მზადყოფნა, ამაზე იფიქრონ და თვითონ იქნებიან თავმჯდომარე. ამასთან, ბუქარესტში ჩატარდება ბუქარესტის ცხრიანის ჯგუფის და ნატო-ს სამიტიც. ასე რომ, რუმინეთს აქვს დიდი როლი 2023 წლისთვის და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.