სალომე სამადაშვილი - მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, მაგრამ მოლაპარაკებები ქვეყანაში სანდო საარჩევნო სისტემის მიღებით უნდა დასრულდეს
სალომე სამადაშვილი - მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ, მაგრამ მოლაპარაკებები ქვეყანაში სანდო საარჩევნო სისტემის მიღებით უნდა დასრულდეს

ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის გასაგები, მათ არ მიაჩნიათ, რომ პარლამენტის ბოიკოტი არის გამოსავალი, არც ოპოზიციას არ მიაჩნია, რომ გამოსავალი არის ბოიკოტი, გამოსავალი არის იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სხვანაირ არჩევნებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

სამადაშვილის თქმით, მოლაპარაკებებს გააგრძელებენ და ეს მოლაპარაკებები, როგორც ენმ-ის წევრი ამბობს, უნდა დასრულდეს ქვეყანაში სანდო საარჩევნო სისტემის მიღებით.

„სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ განმტკიცდა ოპოზიციის არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ არჩევნების გაყალბების მასშტაბი არის ბევრად უფრო საგანგაშო, ვიდრე ვინმეს ეგონა თავიდან. მეორე, აშკარად გამოიკვეთა ცესკო-ს როლი ამ არჩევნების მიმართ დაბალი ნდობის პრობლემაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს ჩვენ გავაგრძელებთ, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს იმით, რომ ჩვენ მივიღოთ ჩვენს ქვეყანაში სანდო საარჩევნო სისტემა.

ჩვენი პარტნიორების პოზიცია არის გასაგები, მათ არ მიაჩნიათ, რომ პარლამენტის ბოიკოტი არის გამოსავალი. ეს არც ოპოზიციას არ მიაჩნია, რომ გამოსავალი არის ბოიკოტი. გამოსავალი არის იმ შეთანხმების მიღწევა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში სხვანაირ არჩევნებს და არჩევნების მიმართ დააბრუნებს საზოგადოების და მოქალაქეების ნდობას. ამაზე ვთანხმდებით ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რომელთანაც დღეს გაიმართა შეხვედრა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით,საქართველოში ოპოზიციის მიმართ საერთო გზავნილია, ცვლილებებისთვის ინსტიტუტები გამოიყენონ. დეპარტამენტის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს უთანხმოებების გადალახვასა და საარჩევნო პროცესების გაძლიერებაზე.