სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას საჯარო და კერძო დაწესებულებებს მონაცემთა დაცვის მიზნით არ აქვთ მიღებული საკმარისი ზომები
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას საჯარო და კერძო დაწესებულებებს მონაცემთა დაცვის მიზნით არ აქვთ მიღებული საკმარისი ზომები

2020 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სამართალდამცავ ორგანოებში, სხვა საჯარო დაწესებულებებში, სამედიცინო დაწესებულებებში, კერძო კომპანიებსა და საცხოვრებელ შენობებზე დამონტაჟებული ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით პერსონალურ მონაცემთა დამუშავების 30 შემთხვევა შეისწავლა, – ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, სამსახურმა გამოავლინა 19 სამართალდარღვევა და სამართალდამრღვევ პირებს დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. მონაცემთა დამმუშავებლებს მიეცათ შესასრულებლად სავალდებულო 65 დავალება და 12 რეკომენდაცია.

„ვიდეოთვალთვალის სისტემების მეშვეობით მონაცემთა დამუშავების შესწავლილმა პროცესებმა ცხადყო, რომ ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას საჯარო და კერძო დაწესებულებებს მონაცემთა დაცვის მიზნით არ აქვთ მიღებული საკმარისი ზომები. კერძოდ, არ აღირიცხება ვიდეოჩამწერ სისტემაში შესვლის, ჩანაწერების დათვალიერების, გადმოწერის, წაშლისა და ვიდეოჩანაწერების მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევები, რაც შეუძლებელს ხდის მონაცემთა მიმართ შესრულებულ მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებას, მონაცემთა გამჟღავნების შემთხვევების აღმოჩენასა და კანონიერების შემოწმებას; დაწესებულებებში დასაქმებული სხვადასხვა პირი ვიდეოთვალთვალის სისტემაზე წვდომისათვის სარგებლობს საერთო მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რაც საფრთხეს უქმნის მონაცემთა უსაფრთხოებას და შეუძლებელს ხდის მონაცემებზე წვდომის განმახორციელებელი პირის დადგენას; რიგ შემთხვევებში არ არის დაცული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის ფიზიკური უსაფრთხოება – კამერები და ვიდეოჩამწერი მოწყობილობები განთავსებულია ოთახში, რომლის კარი არ იკეტება გასაღებით, რაც ქმნის მონაცემებზე არაუფლებამოსილ პირთა წვდომის რისკს; დაწესებულებებს არ აქვთ შემუშავებული წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრება ვიდეომონიტორინგის წესი, მათ შორის, ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები, ვიდეოჩანაწერებზე წვდომის მქონე პირთა წრე და უფლებამოსილებები;

ასევე, რიგ შემთხვევებში ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობაზე გამაფრთხილებელი ნიშნები არ არის განთავსებული და შესაბამისად, ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობს მონაცემთა სუბიექტების ინფორმირების გარეშე და ერთეულ შემთხვევებში, ასევე, დაფიქსირდა ვიდეომონიტორინგთან ერთად აუდიოჩაწერის შემთხვევები, რომლის საჭიროება ორგანიზაციაში არ არსებობდა“, – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ანგარიშში.