სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - შეტყობინებათა ნაწილი შემოდის სავარაუდო დანაშაულიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაც შეუძლებელს ხდის ან აფერხებს ფაქტობრივი გარემოებების დადგენას
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, რომ მათთან სახელმწიფო უწყებებისა და მოქალაქეთა მხრიდან შეტყობინებათა ნაწილი შედის არა სავარაუდო დანაშაულის ჩადენისთანავე, არამედ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ.
შესულ შეტყობინებებსა და მასზე განხორციელებულ რეაგირებაზე საუბარია სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წლის პირველი ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში 351 შეტყობინება შევიდა. კერძოდ, უწყების ცნობით, შეტყობინებათა 73 პროცენტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან შევიდა, ცხრა პროცენტი – მოქალაქეებისგან, შვიდი პროცენტი – საქართველოს პროკურატურიდან, ექვსი პროცენტი – იუსტიციის სამინისტროდან, ორი პროცენტი – ადვოკატებისგან, ორი პროცენტი – სხვა საჯარო დაწესებულებებიდან, ერთი პროცენტი – სახალხო დამცველის აპარატიდან.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს შემოსული 351 შეტყობინება 364 სავარაუდო მსხვერპლს შეეხებოდა, საიდანაც 254 მსხვერპლზე შეტყობინება არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, გამოძიება დაიწყო 76 სავარაუდო მსხვერპლთან მიმართებით, 34-ის შესახებ კი შეტყობინება გადაიგზავნა სხვა უწყებაში, რადგან არ განეკუთვნებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას.
ამასთან, უწყება განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებზეც გამოძიება 2019 წელს დაიწყო, შეტყობინებათა 63 პროცენტის ავტორი არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, 12 პროცენტის საქართველოს პროკურატურა, 12 პროცენტის სახალხო დამცველის აპარატი, შვიდი პროცენტის იუსტიციის სამინისტრო, ოთხი პროცენტის მოქალაქე, თითო-თითო პროცენტის კი ადვოკატი და მედია.
„სამწუხაროდ, შეტყობინებათა ნაწილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოდის არა სავარაუდო დანაშაულის ჩადენისთანავე, არამედ გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, რაც შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად აფერხებს მტკიცებულებათა მოპოვებასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.
შესაძლო დანაშაულთა 86 პროცენტის შემთხვევაში, შეტყობინება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა სამი დღის ვადაში, ხოლო 14 პროცენტში შესაძლო დანაშაულის ჩადენიდან ერთ კვირაში, ან უფრო გვიან. ერთი კვირისა და მეტი ვადის გასვლის შემდგომ, შეტყობინებები გამოგზავნეს როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე მოქალაქეებმა. ეფექტიანი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია დროული რეაგირება შეტყობინებაზე, გამოძიების მყისიერად დაწყება და საჭირო საგამოძიებო მოქმედებების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამოძიებას იწყებს შეტყობინების შემოსვლის დღესვე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეტყობინება ბუნდოვანია და დეტალების განმცხადებელთან დაზუსტების გარეშე, შეუძლებელია გამოძიების დაწყება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოსულ დანაშაულის ნიშნების შემცველ შეტყობინებათა 57 პროცენტზე გამოძიება დაიწყო შემოსვლიდან იმავე დღეს, 22 პროცენტზე – მეორე დღეს, ცხრა პროცენტზე – მესამე დღეს, 11 პროცენტზე – ერთი კვირის ვადაში, ხოლო ერთ პროცენტზე – ათი დღის ვადაში.
გამოძიების დაგვიანებით (ერთ კვირასა და მეტ ვადაში) დაწყების მიზეზი გახდა განცხადებაში მითითებული გარემოებების ბუნდოვანება, რომელთა დასაზუსტებლად განმცხადებლი საგამოძიებო ორგანოში გამოცხადდა დაგვიანებით, მასთან არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, უწყების განმარტებით, იმ შეტყობინებათა 91 პროცენტში, რომლებზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო, სავარაუდო მსხვერპლები შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენ პირებად უთითებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს.
„ექვს პროცენტში ფიგურირებენ იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, ხოლო სამი პროცენტის შემთხვევაში – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. მსხვერპლთა 61 პროცენტმა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილად თბილისი დაასახელა, ხოლო შემდგომ შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი ფიქსირდება ქვემო ქართლსა (12 პროცენტი) და აჭარაში (12 პროცენტი).
მსხვერპლთა 40 პროცენტი სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ადგილად მიუთითებს ქუჩას, 29 პროცენტი – ავტომანქანას, 29 პროცენტი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობას, ხუთი პროცენტი – პენიტენციურ დაწესებულებას, ხუთი პროცენტი – სხვა საჯარო დაწესებულებას, ხოლო სამი პროცენტი – სახლს/ბინას“, – ნათქვამია ანგარიშში.