ნინო ლომჯარია - ფსიქიატრიულ კლინიკებში პაციენტებისთვის ცუდი პირობები, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების პრაქტიკა კვლავ პრობლემაა
ფსიქიატრიულ დაწესებულებებში განსაკუთრებით რთული პირობებია,- ამის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.
ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული უკიდურესად მძიმე, ადამიანის ღირსების შემლახავი პირობების აღმოფხვრის აუცილებლობა.
როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, პირველ რიგში, აღსანიშნავია ჯანდაცვის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრის ვალდებულება, შესაბამისი სტანდარტების დაცვის მიზნით, უზრუნველყოს ამ დარგის აქტიური და ეფექტური ზედამხედველობა.
„სურამის ფსიქიატრიულ კლინიკასა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, ასევე რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს“ მწვავე განყოფილებაში, წინა წლებში არსებული მდგომარეობის მსგავსად, კვლავ პრობლემას წარმოადგენს პაციენტების უკიდურესად ცუდ პირობებში მოთავსება, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების არსებული პრაქტიკა, სომატური დაავადებების დროული და ადეკვატური მკურნალობის ხელმიუწვდომლობა, უგულვებელყოფის პირობებში ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია და არანებაყოფლობითი სამედიცინო ინტერვენცია.
სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, „სურამის ფსიქიატირული კლინიკაში“, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და „რესპუბლიკურ კლინიკურ ფსიქონევროლოგიურ საავადმყოფოში“ არ არის ძალადობისგან დაცული, უსაფრთხო გარემო.
ხშირ შემთხვევებში ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტს, რაც ზოგჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფასთან ერთად ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატება“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.