ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს პარლამენტში დღეს წარადგენს
ნინო ლომჯარია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს პარლამენტში დღეს წარადგენს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის ანგარიშს დღეს წარადგენს. ნინო ლომჯარია 2019 წლის ანგარიშს კანონმდებლებს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე გააცნობს.

სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება. ანგარიშში ასევე საუბარია, როგორი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პენიტენციურ დაწესებულებებში.

როგორც დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა, უმრავლესობა ყოველ ჯერზე მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება სახალხო დამცველის ანგარიშს.

„აღსანიშნავია, რომ ამ საკმაოდ ვრცელი ანგარიშის სამოცდაათ ადგილას გვხვდება შეფასება – მისასალმებელია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პოზიტიურად და დადებითად უნდა შეფასდეს. ცხადია, არის საკითხები, რომელსაც ვიზიარებთ და აისახება საბოლოო ჯამში ჩვენ მიერ მიღებულ დადგენილებაში. არის გარკვეული საკითხები, რომელიც მეტ არგუმენტირებულობასა და მსჯელობას საჭიროებს. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოებისთვის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი განხილვა გვექნება”-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

სახალხო დამცველის ანგარიშს საპარლამენტო ოპოზიცია დაესწრება. როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ აღნიშნა, უმცირესობა განხილვის დროს მთავარ აქცენტებს 20-21 ივნისს მომხდარ მოვლენებსა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გააკეთებს.

„სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ეხმიანება იმ ყველა პრობლემას, რომელიც ადამიანის უფლებების კუთხით დგას ქვეყანაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველაზე მწვავე საკითხი გახლავთ 20 ივნისის არასათანადო გამოძიება, ძალის გადამეტებაზე დაუსჯელობა, როგორც შემსრულებლების, ისე დამკვეთების. გაფრთხილების გარეშე თვალში დამიზნებით ესროლეს ახალგაზრდებს რეზინის ტყვიები, ისინი დასახიჩრდნენ და ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატაროს.

ამის გარდა, ანგარიშში გამახვილებულია ყურადღება სიცოცხლის უფლების არასათანადო გამოძიების ფაქტებზე. პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია და დღემდე გამოძიებაც კი არ დაუწყია პროკურატურას ხელის დაფარების მტკიცებულებების მიჩქმალვისა და განადგურების ფაქტებზე, რაც საგამოძიებო კომისიამ დააფიქსირა თავის დასკვნაში. ამაზე აქცენტს აკეთებს სწორედ სახალხო დამცველი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.