სახალხო დამცველი - ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტებისთვის არაადამიანური გარემოა
ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
ომბუდსმენის წლის შემაჯამებელ დოკუმენტში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად ფსიქიკური ჯანდაცვა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობაა დასახელებული.
სახალხო დამცველის შეფასებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა ქვეყნისთვის გამოწვევას წარმოადგენს. მისი თქმით, 2015–2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ვადები მნიშვნელოვნად არის დარღვეული.
„სამწუხაროდ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია მედიკამენტურ მკურნალობამდე. ასევე, ზოგიერთ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ფიზიკური გარემო შესაძლებელია შეფასდეს, როგორც პაციენტების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. სახალხო დამცველი ზოგადად მიესალმება სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული არაადამიანური პირობების აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ უკიდურესად მძიმე პირობები კვლავ რჩება ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რაზეც მისაღებია დაუყოვნებლივი და მყისიერი ზომები.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ინსტიტუციებში მინიმალური პირობების შექმნა საბოლოო გამოსავალი არ არის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია დეინსტიტუციონალიზაციის ხელშეწყობა, სათემო სერვისების განვითარება“, – ნათქვამია ანგარიშში.