სახალხო დამცველი - გენდერული კვოტირების მექანიზმი ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის ინსტრუმენტია, ცვლილებებით კი თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს ვაუარესებთ
სახალხო დამცველი - გენდერული კვოტირების მექანიზმი ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის ინსტრუმენტია, ცვლილებებით კი თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს ვაუარესებთ

საქართველოს სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების თაობაზე პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.

იოსელიანის თქმით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით თანასწორობის მისაღწევად არსებული მექანიზმები უარესდება.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელების გზით, გენდერული კვოტირების გაუქმებაა.

აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ, ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ გაუსვა ხაზი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობას და შესაბამისი საჭირო ღონისძიებების განხორციელებას ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.

გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ქალები ყოველდღიურად აწყდებიან უხილავ ბარიერებს, რომელთა აღმოფხვრა და ქვეყანაში არსებითი თანასწორობის მიღწევა სავალდებულო გენდერული კვოტის პროპორციის დახვეწით და სხვა ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებითაა შესაძლებელი. დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებით კი უგულებელვყოფთ ქალების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგებს და ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია, ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი ღონისძიებები“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე გუშინ დაინიცირდა. საპარლამენტო უმრავლესობა ეთანხმება გენდერულ კვოტირებაზე „გირჩის“ ინიციატივას და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის არ გამოიყენებს. მანამდე „გირჩში“ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას თუ დაუჭერს მხარს, „გირჩი“ „ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე წარდგენილ ნორმალურ კანდიდატს, მათ შორის კალანდარიშვილს, მხარს დაუჭერს“.