ბლოგერი არჩიბალდ მეკეში სახალხო დამცველს გამოხატვის უფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართავს
ბლოგერი არჩიბალდ მეკეში სახალხო დამცველს გამოხატვის უფლების შეზღუდვისა და დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით მიმართავს

ბლოგერი და ჟურნალისტი არჩიბალდ მეკეში სახალხო დამცველს მიმართავს და გამოხატვის უფლების შეზღუდვასა და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს.

როგორც ბლოგერი ამბობს, კომპანია Meta-მ „მედიის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის, თამარ კინწურაშვილის სტატიის საფუძველზე, მისი ორი პოსტი მანიპულაციად მონიშნა, რამაც დააზიანა მისი საქმიანი რეპუტაცია.

მისივე განმარტებით, „პოსტები ეხებოდა სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს, სადაც შეყვანილია ინტიმური ტანსაცმლის ბრენდის მწარმოებელი ქალი, როგორც წარმატებული ბიზნესმოდელი“.

„პოსტში ვწერდი, რომ ამას ასწავლიან სკოლაში და ამაზეა აგებული თამარ კინუწრაშვილის აბსურდი სტატიაში. შეიძლება, კინწურაშვილი არ მეთანხმებოდეს, მაგრამ მე მაქვს კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლება. არაფერი ქსენეფობიური არ დამიწერია, ისიც არ დამიწერია, რასაც სტატიაში წერს კინწურაშვილი, თითქოს გარყვნილების პროპაგანდად ვცდილობ ფაქტის წარმოჩენას. მე მაქვს „მეტასთან“ პირდაპირი კომუნიკაცია და ვითხოვ კონტრაქტის გაწყვეტას კინწურაშვილის ორგანიზაციასთან. ასეთი მსჯელობების საფუძველზე თუ ხდება საჯარო სივრცეში დისკუსიების შეზღუდვა, ეს ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია ჩასახსნელია. მე სახალხო დამცველს გუშინ მივმართე, ჩაიბარეს წერილი. „მეტადან“ დღეში რვაჯერ მირეკავენ და მიხვდნენ, კინწურაშვილმა რა შარში გახვია მთელი კომპანია“, – ამბობს არჩიბალდ მეკეში.

არჩიბალდ მეკეშს უპასუხეს „მედიის განვითარების ფონდში“. როგორც ორგანიზაციის წერილობით პასუხშია აღნიშნული, არჩიბალდ მეკეშთან დაკავშირებით მასალა „როგორ მანიპულირებს არჩიბალდ მეკეში სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოში არსებული ჩანაწერით“ პლატფორმა „მითების დეტექტორმა” 12 მარტს მოამზადა.

„აღნიშნული სტატია Meta-სთან მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა, რაც ყალბი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გადამოწმებას გულისხმობს. „მითების დეტექტორის” მიერ მანიპულაციური შინაარსის შემცველი პოსტების მონიშვნის, ანუ ვერდიქტის მინიჭების შედეგად, აღნიშნული პოსტის ავტორსა და იმ ადამიანებს, რომლებმაც მოცემული კონტენტი ან გააზიარეს, ან მის გაზიარებას ცდილობენ, Facebook-ი შესაბამის გაფრთხილებას უგზავნის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ Meta-ს მიერ მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამა არ ითვალისწინებს რომელიმე პოსტის, ანგარიშისა თუ გვერდის წაშლას ან დაბლოკვას. „მითების დეტექტორის” შესწორებისა და საჩივრების პოლიტიკის თანახმად, ნებისმიერ მომხმარებელს აქვს საშუალება, მიმართოს რედაქციას მომზადებული მასალისა და ვერდიქტის გადახედვის მიზნით“, – აცხადებენ „მედიის განვითარების ფონდში“.