საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება გაიმართა
16:23, 11.08.2018
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის მეხუთე სასროლეთზე საინჟინრო და მექანიზებული ქვედანაყოფების კომბინირებული სწავლება გაიმართა საბრძოლო სროლებით.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლებაში ქართველი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ. წვრთნის პირველ ეტაპზე სიმაღლეზე გამაგრებულმა ქვედანაყოფებმა თავდაცვითი ამოცანები შეასრულეს. მომდევნო ეტაპზე კი კონტრიერიში განხორციელდა, რა დროსაც ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა საინჟინრო დაბრკოლებები გადალახეს. სწავლებაში ჩართული იყო მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ჯავშანტექნიკა და აშშ-ის II საკავალერიო პოლკის საბრძოლო ჯავშანმანქანები „სტრაიკერები“. ქვედანაყოფებმა კომბინირებული დაბრკოლებების გადალახვისას სხვადასხვა ტიპის მოწყობილობები გამოიყენეს. აშშ-ის II საკავალერიო პოლკის ჯარისკაცებმა მავთულხლართები და სხვა სახის დაბრკოლებები ე.წ. ბანგალური ტორპედოებით დახმარებით გაარღვიეს. ქართულმა ქვედანაყოფებმა კი ამოცანის შესასრულებლად სპეციალური მანქანა IMR2 გამოიყენეს.
მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება; საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება; ასევე, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.