ვაზიანში "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის ფარგლებში კომბინირებული სწავლება გაიმართა
ვაზიანში "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის ფარგლებში კომბინირებული სწავლება გაიმართა

ვაზიანში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018”-ის ფარგლებში კომბინირებული სწავლება გაიმართა.

წვრთნაში ქართველი, ამერიკელი, ბრიტანელი და უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იღებდნენ მონაწილეობას.

საველე საჩვენებელ სწავლებაში აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ვერტმფრენები “შავი ქორები” და სსსიპ “დელტას” მიერ წარმოებული ქართული სამედიცინო ევაკუატორი მონაწილეობდა.

სცენარის მიხედვით, მას შემდეგ რაც უკრაინელმა სამხედროებმა საცეცხლე მხარდაჭერა უზრუნველყვეს, პირობით მოწინააღმდეგეს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა შეუტიეს. ჯარისკაცების ამოცანას მოწინააღმდეგის მიერ გამაგრებული შენობების გათავისუფლება წარმოადგენდა.

სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალები ამერიკული “შავი ქორებით” ჩაერთვნენ. შენობების მოწინააღმდეგისგან გათავისუფლების ამოცანებში ბრიტანელი და უკრაინელი სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

წვრთნების ფარგლებში, პირობითად, დაშავებულის ბრძოლის ველიდან ევაკუაციაც განხორციელდა, რა დროსაც სამედიცინო ევაკუატორი “დიდგორი” და საქართველოს შეიარაღებაში არსებული UH1H ტიპის ვერტმფრენი “იროკეზი” იქნა გამოყენებული.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.

წლევანდელი სწავლების მიზანია სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ასევე შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწორედ ამიტომ, სწავლების მთავარი გზავნილია – „ძალა პარტნიორობაშია“.