„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ბრიტანელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ [ვიდეო]

ამერიკელი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების შემდეგ, სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მიზნით, საქართველოში ჯარისკაცები დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოდანაც ჩამოვიდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირადი შემადგენლობა საქართველოში უკვე სრული შემადგენლობით იმყოფება და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში მონაწილეობისთვის ემზადება. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო „ღირსეულ პარტნიორში“ 2016 წლიდან აქტიურად არის ჩართული.

წელს სწავლებაში მონაწილეობას 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს. „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-ელ აგვისტოს დაიწყება და 15 აგვისტომდე გაგრძელდება.

„ბრიტანელი სამხედროები საქართველოში მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედით. ეს სწავლება საქართველოში ნატო-ს მიერ ტარდება და ნატო-ს წევრი და მოკავშირე ქვეყნების პარტნიორობის ნათელი დემონსტრირებაა“, – განაცხადა ბრიტანელმა ლეიტენანტმა, ქოლონ უელჩმა.