სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“  მონაწილე გერმანული ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია
სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“  მონაწილე გერმანული ტექნიკა და პირადი შემადგენლობა საქართველოშია

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2018“ მონაწილე ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში სრული შემადგენლობით ჩამოვიდნენ.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წლევანდელ სწავლებაში გერმანული მხარე უფრო მასშტაბურად არის წარმოდგენილი. მნიშვნელოვნად გაზრდილია პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა.

ვაზიანში, V საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია გერმანიის ბუნდესვერის სამხედრო ტექნიკაც. გერმანული ტექნიკა, რომელიც ძირითადად ქვეითი საბრძოლო მანქანებითა და ჯავშანტექნიკით არის დაკომპლექტებული, საზღვაო გზით ქალაქ ფოთში რუმინეთიდან, კონსტანცას პორტიდან შემოვიდა. ვაზიანში ტრანსპორტირება კი, ფოთიდან სარკინიგზო გზით განხორციელდა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ 1-დან 15 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. წვრთნები ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება. სწავლებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

ამასთან, აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერის“ კონვოი სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაივლის. მარშირება გვიან ღამით დაიწყო.