„ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული „სტრაიკერების“ მარშირება [ფოტო-ვიდეო]

აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „ღირსეული პარტნიორი 2018“-ში მონაწილე ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანის -„სტრაიკერის“ კონვოი სენაკიდან ვაზიანის მიმართულებით მარშირებით ჩაივლის. მარშირება გვიან ღამით დაიწყო.

ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა ქალაქ გორის ცენტრში გაჩერდება, სადაც მოქალაქეებს სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება მიეცემათ.

ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორის კოლონების მარშირება ვაზიანში, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების არეალში დასრულდება. „სტრაიკერები“ უშუალოდ წვრთნებში ჩაერთვება.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანია. გაზრდილია მასში მონაწილე ქვეყნების, სამხედრო მოსამსახურეებისა და ტექნიკის რაოდენობა. სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული „სტრაიკერები“ სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად –  ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, M1A2 ტიპის ტანკი „აბრამსი“ და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა, რუმინეთში, კონსტანცას პორტიდან შავი ზღვით გამოიგზავნა და ფოთის პორტში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა.

წელს მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სიახლით ხვდება. სწავლებაში აშშ-ის, ჯორჯიის შტატის 171-ე საავიაციო პოლკისა და მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის ავიაცია ჩაერთვება, რომელიც წვრთნის დროს ახლო საჰაერო მხარდამჭერ და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებს უზრუნველყოფს. ამერიკული ვერტმფრენები „შავი ქორი“ (Blackhawk) და „აპაჩი“ (Apache) უკვე საქართველოშია.

სპეციალურად ამ სწავლებისთვის დოუვერის საჰაერო ძალების ბაზიდან ამერიკული ვერტმფრენები პირად შემადგენლობასთან ერთად საქართველოში, ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაეშვა.

საქართველოში უკვე სრულად ჩამოვიდა სწავლებაში მონაწილე ამერიკული სამხედრო ჯავშანტექნიკა. საჰაერო გზით კი, აშშ-ის ვეროპის სარდლობის პირადი შემადგენლობა საქართველოში 31 ივლისამდე ეტაპობრივად ჩამოვა.

„ღირსეული პარტნიორი 2018“ ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე პირველ აგვისტოს გაიხსნება. სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით ხორციელდება.