საიდან და როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე — ახალი კვლევა სრულიად განსხვავებულ წყაროზე მიუთითებს #1tvმეცნიერება
საიდან და როგორ გაჩნდა წყალი დედამიწაზე — ახალი კვლევა სრულიად განსხვავებულ წყაროზე მიუთითებს #1tvმეცნიერება

დედამიწაზე წყლის გარეშე სიცოცხლე არაფერს შეუძლია. შესაბამისად, დედამიწაზე წყლის წარმომავლობა მზის სისტემაში სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმის წარმომავლობაც არის.

იმის დადგენა, სად და როგორ მიიღო წყალი ჩვენმა პლანეტამ, შეიძლება საკვანძო იყოს სხვა პლანეტებზე სიცოცხლის საპოვნელადაც. თუმცა, რეალობა ის არის, რომ დაზუსტებით არ ვიცით, საიდან მოხვდა წყალი დედამიწაზე.

მიუხედავად ამისა, ფართოდ მიღებულია, რომ წყლის მიღების ერთ-ერთი პოტენციური მექანიზმი გახლდათ წყლის შემცველი ასტეროიდებითა და კომეტებით ბომბარდირება დედამიწის ახალგაზრდობისას.

თუმცა, აპოლოს მისიების დროს დედამიწაზე ჩამოტანილი მთვარის ქანების ახალი ანალიზი მიუთითებს, რომ სინამდვილეში, ასე შეიძლება სულაც არ იყო.

ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ყველაზე სავარაუდო ახსნა ის არის, რომ დედამიწა წყალთან ერთად გაჩნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წყალი აქ მუდამ იყო.

„დედამიწა ან დღეს არსებულ წყალთან ერთად დაიბადა, ან რაღაც დაგვეცა, რომელშიც მხოლოდ სუფთა H2O იყო და მეტი არაფერი. ეს კვლევა გამორიცხავს მეტეორიტებს ან ასტეროიდებს, როგორც დედამიწაზე წყლის შესაძლო წყაროს და ძლიერ მიუთითებს „მასთან ერთად დაბადების“ ვარიანტზე“, — ამბობს კოსმოლოგი გრეგ ბრენეკა.

დედამიწის წყლის შესასწავლად მთვარე შეიძლება საკმაოდ უცნაურ ადგილად მოგეჩვენოთ. ის მტვრიანი, მშრალი და უწყლოა.

თუმცა, როგორც ჩანს, მთვარე დიდებული ადგილია დედამიწის ისტორიის შესასწავლად. მთვარე მაშინ წარმოიქმნა, როდესაც დედამიწას დაახლოებით მარსის ზომის ობიექტი შეეჯახა, რის შემდეგაც კვლავ დარჩა დედამიწა, მაგრამ მის ორბიტაზე მთვარე გაჩნდა.

ამ მოვლენის მტკიცებულებები დედამიწაზე თანდათან გაქრა, მაგრამ რადგან მთვარეზე ფილების ტექტონიკა და ამინდი არ არსებობს, გეოლოგიური მტკიცებულებები ასე ძლიერ არ გამქრალა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ პროცესები საერთოდ არ მიმდინარეობს. მთვარის ზედაპირი შეცვალა სხვა ობიექტთა შეჯახებებმა და წარსულის ვულკანურმა აქტივობამ. თუმცა, აპოლოს კოლექციაში არის ზოგიერთი ნიმუში, რომელიც შედარებით ხელუხლებელია.

გიგანტური დარტყმის ჰიპოთეზის მიხედვით, მეცნიერები ახლა ვარაუდობენ, რომ 4,5 მილიონი წლის წინ მომხდარმა ამ გიგანტურმა შეჯახებამ დედამიწას და მთვარეს აქროლადი ნივთიერებები გააცალა.

მოდელის მიხედვით, სწორედ ამიტომ არის მთვარე ასე მშრალი; მზის სისტემის წყლის შემცველი სხვა ობიექტებისგან განსხვავებით, დედამიწაც დიდწილად მშრალია, განსაკუთრებით თუ მის ზომას გავითვალისწინებთ.

დედამიწა-მთვარის სისტემის გიგანტურ დარტყმამდე ისტორიის შესასწავლად, მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა მთვარის სამი ნიმუში, რომლებიც 4,3 – 4,35 მილიარდი წლის წინ არის კრისტალიზებული; კონკრეტულად ორი იზოტოპი: რუბიდიუმ-87-ის აქროლადი და რადიოაქტიური იზოტოპი და იზოტოპი, რომლადაც ის იშლება — სტრონციუმ-87.

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კარგ მაჩვენებლად ითვლება მთვარის აქროლადთა გრძელვადიანი მარაგის დასადგენად, ასევე ზომიერად არასტაბილურ აქროლად ელემენტთა შედარებითი რაოდენობის დასადგენად, მაგალითად, რუბიდიუმის, რომელიც უფრო აქროლად სახეობათა ქცევას იმეორებს, მაგალითად, წყლის.

საინტერესოა, რომ როგორც ჯგუფის ანალიზებმა ცხადყო, დედამიწა-მთვარის სისტემაში ძალიან ცოტა სტრონციუმ-87 იყო, გიგანტურ დარტყმამდეც კი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ პროტოდედამიწაც და დამრტყმელიც, თეია, ძლიერ გამოფიტული იყო აქროლადი ელემენტებით, რაც გვაფიქრებინებს, რომ აქროლადებისგან გამოფიტვა სულაც არ ყოფილა გიგანტური დარტყმის შედეგი.

ეს კი ნიშნავს, რომ აქროლადთა სხვადასხვაგვარი გადანაწილება დედამიწამ და მთვარემ მემკვიდრეობით მიიღეს დედამიწისა და თეიასგან (მარსის ზომის ობიექტი, რომელიც დედამიწას შეეჯახა), რასაც შეუძლია ახსნას, რატომ არის დედამიწა უფრო წყლიანი. ეს ასევე მიუთითებს, რომ ორივე სხეული სავარაუდოდ წარმოიქმნა მზის სისტემის ერთსა და იმავე ზოგად რეგიონში — თეია არ წარმოქმნილა უფრო შორს და შემდეგ არ შემოსულა შიდა ნაწილში; ამას გარდა, ეს შეჯახება შეიძლება 4,45 მილიარდ წელიწადზე ადრე პერიოდში მომხდარიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ეჭვქვეშ აყენებს ზოგიერთ მიღებულ ხედვას დედამიწისა და მთვარის წარმოქმნის შესახებ, მკვლევართა განცხადებით, სუფთად განმარტავს დედამიწა-მთვარის სისტემაში აქროლადთა წარმომავლობას. ითვალისწინებს სხვაობებს მათ აქროლადთა პროპორციებს შორის და ხსნის მსგავსებებს იზოტოპთა პროპორციებს შორის.

„მხოლოდ რამდენიმე ტიპის მასალა არსებობდა, რომელთა კომბინირების გზითაც შეიძლება გაჩენილიყო დედამიწა და მთვარე და ისინი სულაც არ იყო ეგზოტიკური. ორივე მათგანი სავარაუდოდ დიდი სხეული იყო, რომლებიც დაახლოებით ერთ ზონაში წარმოიქმნნენ და მზის სისტემის წარმოქმნიდან დაახლოებით 100 მილიონი წლის შემდეგ ერთმანეთს შეეჯახნენ“, — აღნიშნავს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის კოსმოქიმიკოსი ლარს ბორგი.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია llnl.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.