საგარეო უწყების ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიამ მაღალი შეფასება მისცა წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას და შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ვითარების გამო
საგარეო უწყების ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიამ მაღალი შეფასება მისცა წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას და შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებულ რეგიონებში ვითარების გამო

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და შერიგების საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის ფარგლებში მინისტრის პირველმა მოადგილემ ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რაც წლიური ეროვნული პროგრამის 2019 წლის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელდა და ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სექტორის რეფორმები.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში; მოკავშირეების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა მცოცავი ოკუპაციისა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკას. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, როგორც პოლიტიკურ ასევე პრაქტიკულ განზომილებაზე. მოკავშირეთა მიერ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამავდროულად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გასაწევრიანებლად.

„მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ. ხაზი გაესვა 2019 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ დინამიკას და დასახეს სამომავლო გეგმები.

ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებით უზრუნველყოფის, უსაფრთხოების სექტორზე პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეონასთან. ხსენებულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები.