საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედის საქართველოში დასაბრუნებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედის საქართველოში დასაბრუნებლად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარიამ ნარჩემაშვილის განცხადებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედის სამშობლოში დასაბრუნებლად საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართა.

მისივე თქმით, მცირეწლოვნის დედის საქართველოში გამომგზავრება დღეს მოხერხდა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფომ მართლაც მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართა იმისათვის, რომ მომხდარიყო გარდაცვლილი მცირეწლოვნის მშობლის საქართველოში დაბრუნება. როგორც ცნობილია, ამ ქალბატონს დარღვეული ჰქონდა ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის როგორც ვადები, ისე წესები. მათ შორის დარღვეული იყო საბერძნეთ-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის წესები, რის გამოც ქალბატონი მცირე ხნით მოხვდა სადეპორტაციო ცენტრში და შესაბამისად, მაქსიმალური ძალისხმევა იქნა მიმართული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მხრიდან თურქეთში, საბერძნეთსა და ნიდერლანდებში, რათა ქალბატონი  სადეპორტაციო ცენტრიდან გადმოეყვანათ, მოგვიანებით კი სამშობლოში ტრანზიტული მარშრუტით დაებრუნებინათ. შესაბამისად, დღეს მოხერხდა ამ ქალბატონის გამომგზავრება საქართველოში.

აქტიურად ვიმუშავეთ როგორც თურქულ, ისე ბერძნულ მხარესთან ქალბატონის ადგილსამყოფელის დასადგენად. მან თავად სცადა თურქეთის გავლით საბერძნეთიდან საქართველოში გამომგზავრება, რის შემდეგაც შეაჩერეს საზღვარზე, რადგან თავის დროზე დარღვეულო ჰქონდა ამ ტერიტორიაზე როგორც ყოფნის ვადები, ისე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. შესაბსმისად, ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა თურქულ და ბერძნულ მხარესთან იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ქალბატონის სადეპორტაციო ცენტრიდან გამოყვანა, დაბრუნება საბერძნეთის ტერიტორიაზე და შემდეგ ტრანზიტული მარშრუტით სამშობლოში გამომგზავრება , – განაცხადა მარიამ ნარჩემაშვილმა.