საგარეო საქმეთა სამინისტრო - მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, თუმცა უწყების განცხადება ობიექტურობას მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას
საგარეო საქმეთა სამინისტრო - მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს აკვირდება, თუმცა უწყების განცხადება ობიექტურობას მოკლებულია, რაც ახალისებს ძალადობას

მივესალმებით, რომ საფრანგეთის საგარეო უწყება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება, თუმცა ვწუხვართ, რომ უწყების განცხადება მოკლებულია ობიექტურობას, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ.

საქართველოში უმაღლესი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებდნენ მასშტაბურ ძალადობას სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ, ქართველი სამართალდამცავები, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე სამწუხარო ინციდენტს, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებდნენ.

მივესალმებით, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებით. თუმცა ვწუხვართ, რომ თქვენი განცხადება მოკლებულია ობიექტურობას.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ.

არაობიექტური შეფასებები ახალისებს ძალადობას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, პოლიტიკურ ოპოზიციასთან დაკავშირებული და საზღვარგარეთიდან დაფინანსებული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ხორციელდება“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა გუშინ განაცხადა, რომ „საფრანგეთი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში ვითარებას, გმობს ძალადობას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას მშვიდობიანი პროტესტის უფლება“.