საქართველოს საგარეო უწყება ბელარუსს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს
საქართველოს საგარეო უწყება ბელარუსს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან, – ამის შესახებ ნათქვამია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ასლან ბჟანიას ბელარუსის რესპუბლიკაში ჩასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

„აღნიშნული ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ლეგიტიმაციის მცდელობას.

ბელარუსს მოვუწოდებთ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეწყვიტოს ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრა გამართა, სადაც განაცხადა: „საქართველოს ხელმძღვანელობა ასე მწვავედ რატომ რეაგირებს აფხაზებთან შეხვედრებზე? შესაძლოა, ეს შეხვედრები ემსახურება მეგობრობას აფხაზებსა და ქართველებს შორის“.