საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები დამტკიცდა
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები დამტკიცდა

ორი მინისტრის ბრძანებით, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსები დამტკიცდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების ჩატარებას ორგანიზებას გაუწევს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური.

მინისტრების ერთობლივი ბრძანების თანახმად მოსამზადებელი კურსი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ა) ფიზიკური მომზადება;
ბ) ზოგადი განათლების სისტემა, საჯარო სკოლის სტრუქტურული ერთეულები და მათი კომპეტენციები;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები, მიზნები, ამოცანები, სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებები;
დ) მანდატურის როლი სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებში, მანდატურის გარანტიები, უფლება-მოვალეობები და მათი განხორციელების წესი;
ე) ადამიანისა და მოსწავლეთა უფლებები, მოსწავლეთა ქცევის წესები და დისციპლინა სკოლაში;
ვ) დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციფიკა;
ზ) მანდატურის მიერ სამართალდარღვევაზე რეაგირების წესი, ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობა;
თ) ოჯახში ძალადობა და ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ი) ბულინგი;
კ) სამოქალაქო თავდაცვა;
ლ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება;
მ) ჯანსაღი ცხოვრების წესი;
ნ) პირველადი სამედიცინო დახმარება;
ო) ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებები;
პ) ანტისოციალური ქცევა მოზარდებში;
ჟ) კონფლიქტური სიტუაციები სკოლაში და მათი მართვა;
რ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა;
ს) ეფექტური კომუნიკაცია.

მიხეილ ბატიაშვილისა და გიორგი გახარიას ერთობლივი ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მოსამზადებელი კურსების დამტკიცების შესახებ“ დღეს, 7 აგვისტოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.