51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

მანდატურის სამსახურის იურისტი, ეკატერინე მარხვაშვილი თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ტერიტორიასა და მის ეზოში მოსწავლეებს შორის რაიმე სახის ინციდენტს უარყოფს.

ამასთან, მარხვაშვილის თქმით, რა მოხდა სკოლის გარეთ, ამაზე დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ.

„მოგეხსენებათ, დღესაა ბოლო ზარი და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მაქსიმალურად არიან მობილიზებული სკოლის ტერიტორიაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის ტერიტორიაზე, ასევე მის ეზოში, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება სკოლის გარეთ მომხდარ ინციდენტს, აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია იმაზე, რა მოხდა, ჩვენთვის უცნობია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დაპირისპირების შედეგად ადგილი არ ჰქონია დაჭრას“,- განაცხადა მანდატურის სამსახურის იურისტმა.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა მოსწავლეებს დანები, მანდატურის სამსახურის იურისტის თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება ისაუბრებს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. რაც შეეხება მოსწავლეების შემოწმებას, როგორც აღვნიშნე, ინციდენტს ადგილი არ ჰქონია სკოლის ტერიტორიაზე, შესაბამისად წინასწარ ვერ იქნებოდა ცნობილი, ჰქონდათ თუ არა მოსწავლეებს დანა“,- განაცხადა ეკატერინე მარხვაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველ არხს მომხდარის თვითმხილველმა განუცხადა, ინციდენტში მონაწილე პირები მე-12 კლასელები არ ყოფილან და მას არც იარაღი დაუნახავს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მოზარდების შორის დაპირისპირების საქმეზე გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.  უწყების ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

დატოვე კომენტარი