საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, აღმაშენებლის გამზირზე 1 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობი დაიწვა

აღმაშენებლის გამზირზე ცეცხლი 1 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების თბილისის სამმართველოს  უფროსის მოადგილემ, მამუკა ყირიმელმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.

„პირველი ჯგუფის ადგილზე მოსვლისას იყო ღია ცეცხლი. მთლიანობაში ადგილზე მობილიზებული იყო 21 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, დაახლოებით 100 მეხანძრე მაშველი. ლოკალიზება მოხდა დროულად. ხანძრის შედეგად დაზარალებული არავინ არის. ცეცხლი გაჩნდა სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 1500 კვადრატულ მეტრზე. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია. მიზეზს გამოძიება დაადგენს. არსებობდა საფრთხე ცეცხლის მეზობელ შენობებზე გავრცელების, თუმცა ლოკალიზება დროულად მოხდა. ამ დროისათვის ხანძრის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს“, – აღნიშნა მამუკა ყირიმელმა.

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოს ყოფილი შენობის ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა.