საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე სავარაუდოდ მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.
შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
„მომხდარის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძარი დღეს დილით მოხდა.