საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

09:07, 18.06.2019

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე სავარაუდოდ მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა. ადგილზე, ასევე მობილიზებული იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ყველა მათგანი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ხანძრის ქრობის პროცესში, ცოცხალ ძალასთან ერთად, 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

„მომხდარის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პოლიციამ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ხანძარი დღეს დილით მოხდა.

მსგავსი