საქართველოში საფრანგეთის საელჩოსთან სამი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“, ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობისა“ და მოძრაობა „ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის“ პროტესტის მიზეზი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის დაჯილდოება გახდა, რომელმაც ნომინაციაში „მომავლის პერსონა“ გაიმარჯვა. როგორც აქტივისტები ამბობენ, თაბაგარი ლგბტ თემის წარმომადგენელია და მისთვის ამ სტატუსის მინიჭება ქართველი ერის შეურაცხყოფაა. ისინი საფრანგეთის საელჩოსგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ.
აქციის დასაწყისშივე, საფრანგეთის საელჩომ აქტივისტებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. შეხვედრა მედიის წარმომადგენლების გარეშე, საელჩოს შენობაში გაიმართა. როგორც მოგვიანებით „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, მას შეხვდა ელჩის მოადგილე, რომელსაც გადასცა წერილი მოთხოვნით, მოიხადოს ბოდიში საფრანგეთის მხარემ.
„ჩვენ გადავეცით საპროტესტო წერილი, სადაც ვითხოვთ ბოდიშს ამ თემაზე. ვუთხარით, რომ პატივს ვცემთ ფრანგ ხალხს, რომელიც ჩვენნაირად ფიქრობს, მაგრამ საფრანგეთის სახელმწიფოსგან ეს იყო გამოწვევა ქართველი ერისთვის. აგერ, ვაჟა გაფრინდაშვილი გვყავდა, რა დროს ამ კაცის დასახელებაა. ეს იყო პროპაგანდა მამათმავლობის სიბილწის. პრაიდს რამდენი ხალხი ეწინააღმდეგებოდა, თქვენ ნახეთ წინა წელს და ამ ყველა ადამიანს სულში ჩააფურთხეს, რომ ეს კაცი ამოირჩიეს ნომინანტ პერსონად საქართველოდან. ჩვენ ჩვენი სათქმელი ვუთხარით“, – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
სამივე ორგანიზაცია წერილის გადაცემას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვისაც აპირებს, რომლითაც ითხოვენ, ქართულმა მხარემ საფრანგეთს ბოდიშის მოხდა მოსთხოვოს.